ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრის განმსაზღვრელი კომისიის შექმნას სთავაზობს


რუსეთი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაპირსპირების მოსაგვარებლად სპეციალური ერთობლივი კომისიის შექმნის იდეით გამოდის. კომისიამ ორ ქვეყანას შორის სადემარკაციო ხაზი უნდა განსაზღვროს და დაასრულოს დაძაბულობა, რომელიც ბოლო დღეებში, სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანის, სავარაუდო შეჭრის შედეგად გამძაფრდა.

სომხეთი აზერბაიჯანელ სამხედროებს სიუნიქის და გეღარქუნიქის პროვინციებში, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში შეჭრას და ამ ტერიტორიის მიტაცებას ედავება. თუმცა, აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთის ტერიტორია არ გადაუკვეთია და უბრალოდ, ის პოზიციები დაიკავა, რომლებიც, ზამთარში მისადგომი არ იყო.

საზღვართან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბიჯანს შორის, მთიან ყარაბღში 6-კვირიანი კონფლიქტი რუსეთის ჩართულობით დასრულდა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ, რომელმაც 6,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამხრეთ კავკასიაში რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ. აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ნაწილზე და მის გარშემო შვიდ რეგიონზე კონტროლი, რომელსაც ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ. კონფლიქტში დამარცხებას, სომხეთში შიდა არეულობა მოჰყვა, პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

19 მაისს, ტაჯიკეთში ვიზიტის დროს, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ის სთავაზობს აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთობლივი სასაზღვრო კომისიის შექმნას, სადაც რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს „კონსულტანტის“, ან „მედიატორის“ როლი.

რუსეთის შემოთავაზებას უკვე დათანხმდა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი.

„ამაზე პასუხად, სომხეთი მოითხოვს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დატოვონ სომხეთის სუვერენული ტერიტორია, ვიდრე ასეთ სამუშაოებს, [კომისიის მუშაობას] დავიწყებთ“,- განაცხადა გრიგორიანმა. სომეხი ოფიციალური პირის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება სომხეთი მზად დაიწყოს ერთობლივ კომისიაში მუშაობა.

ამ თემაზე სატელეფონო ზარის მეშვეობით ისაუბრეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის განაგრძობს აქტიური მედიატორის როლში ყოფნას კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

რამდენიმე დღის წინ კი სწორედ ამავე საკითხის გადასაჭრელად, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხების პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG