კოვიდ 19-ის ვაქცინები, რომლებიც ამ დროისთვის ევროკავშირში გამოიყენება, ახალი კორონავირუსის აქამდე ცნობილი ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი.
ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ მთავრობები უნდა ეცადონ ვირუსის გავრცელების შეზღუდვას, რომელსაც ახალი ვარიანტები, მათ შორის პირველად ინდოეთში დაფიქსირებული ვარიანტი იწვევს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ვირუსის გავრცელებას შეამცირებს.
„ყველა კოვიდ 19-ის ვარიანტი, რაც აქამდე აღმოჩნდა, პასუხობს არსებულ, დადასტურებულ ვაქცინებს“, - განუცხადა კლუგემ მედიას.
ევროპის ქვეყნები სხვადასხვა კომპანიების ვაქცინებს იყენებენ, მათ შორის „ფაიზერს“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონს“.
მას შემდეგ რაც, ცოტა ხნის წინ ინდოეთში ახალი ვარიანტი B.1.617 პირველად დაფიქსირდა, ის უკვე ევროპის 53 ქვეყნიდან 26 ქვეყანაშია გავრცელებული, - ამბობს კლუგე. ახალი ვარიანტი ფიქსირდება ბევრ ქვეყანაში, „ავსტრიიდან და საბერძნეთიდან დაწყებული, ისრაელით და ყირგიზეთით დასრულებული“, - განმარტავს იგი.
„ჩვენ ჯერ ისევ ვსწავლობთ ამ ახალ ვარიანტს, თუმცა მისი გავრცელება უფრო სწრაფად ხდება“, - თქვა კლუგემ. მან აღნიშნა, რომ ვირუსის ეს ტიპი ისე სწრაფად ვრცელდება, რომ მალე ჩაანაცვლებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ახლა მთელს ევროპაში დომინირებს და ცნობილია, როგორც B.1.1.7.
კლუგე, მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა ვაქცინის ეფექტურობაზე, საკითხს ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება და ამბობს, რომ „პანდემია ჯერ არ დასრულებულა“.
Facebook Forum