ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვის შემსუბუქებაზე მსჯელებენ


ბაიდენის ადმინისტრაცია სამოგზაურო შეზღუდვების ცვლილებაზე მსჯელობს. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, აშშ-ში მოგზაურობა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის შეზღუდულია. სააგენტო როიტერს, ამის შესახებ მთავრობისა და ინდუსტრიის წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს. თუმცა, მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ, ევროკავშირის ქვეყნები ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორების მიღების შემსუბუქებაზე შეთანხმდა.

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩები, 3 მაისიდან შეთანხმდნენ შეამსუბუქონ „უსაფრთხო“ ქვეყნების შეფასების კრიტერიუმები და სრულად ვაქცინირებულ ვიზიტორებს მოგზაურობის საშუალება მისცენ.

ბაიდენის ადმინისტრაცია საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრებს ერთ თვეზე მეტია უკვე მართავს, ეცნობიან ინდუსტრიის წარმომადგენელთა მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შემსუბუქდეს დაწესებული შეზღუდვები. პანდემიის გამო, აშშ-ში მოგზაურობაზე შეზღუდვები 2020 წლის დასაწყისში დაწესდა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, მისცემს თუ არა შეერთებული შტატები ვაქცინირებულ ევროპელებს ქვეყანაში შესვლის უფლებას, თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ ამჟამად მოგზაურობის შეზღუდვის კუთხით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა, პიტ პუტიჯეჯიმ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. მდივანმა ასევა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უწყებათაშორისი პროცესი მიმდინარეობს, რაშიც მნიშვნელოვან როლს დაავადებათა კონროლის ცენტრი ასრულებს.

თავის მხრივ, თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა კვლავ ზღუდავს ამერიკელთა მოგზაურობას. ბრიტანეთი, ამერიკელ ვიზიტორებს 10 დღიან კარანტინს და ორი კოვიდ ტესტის ჩატარებას სთხოვს.

2020 წლიდან, აშშ-მ თითქმის სრულად აკრძალა ქვეყანაში ამერიკის იმ არამოქალაქე ვიზიტორების მოგზაურობა, რომლებიც უახლოეს წარსულში იმყოფებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში. ასევე, ჩინეთში, ირანსა და ბრაზილიაში. მიმდინარე წელს, ვაშონგტონმა ამ სიას სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი დაამატა.

XS
SM
MD
LG