სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირდა. ეს შეთანხმებული ნაბიჯია იმისთვის, რომ ამის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
ფაშინიანი 25 აპრილს ოფიციალურად გადადგა და ამით ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა შეიქმნა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთ-ერთ გამოსავლად სწორედ ეს ნაბიჯი მიიჩნეოდა. პარლამენტში კენჭისყრისას ერთმა კანონმდებელმა კანდიდატურას მხარი დაუჭირა, სამმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, 75-მა კი თავი შეიკავა.
მეორე სპეციალური საპარლამენტო სესია 10 მაისს უნდა გაიმართოს. თუკი კანონმდებლები ფაშინიანის კანდიდატურას კიდევ ერთხელ არ დაუჭერენ მხარს, პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
ფაშინიანი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, ამბობს, რომ აპირებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულება კენჭისყრის დრომდე გააგრძელოს. სულ ცოტა ხნის წინ კი ფაშინიანის ალიანსმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა, ოპოზიცია მმართველი გუნდისთვის ხელსაყრელად მიიჩნევს. აქამდე მოქმედი შერეული სისტემის ნაცვლად, მომდევნო არჩევნები უკვე სრულად პროპორციული წესით ჩატარდება და ამომრჩევლებიც პარტიულ სიებს დაუჭერენ მხარს.
ფაშინიანის გუნდის მიმართ, რომელიც ხელისუფლებაში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით მოვიდა, ნდობა გასულ შემოდგომაზე განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეარყია. აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო მიმდინარე ომი რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით დასრულდა. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის ნაწილსა და მიმდებარე 7 რაიონზე 30 წლის შემდეგ კონტროლი აღადგინა. სომხეთის მოსახლეობა კი უკმაყოფილო დარჩა პრემიერის გადაწყვეტილებით, დათანხმებოდა რუსეთის ინიციატორობით შეთანხმებულ პირობებს.
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, მარტში ფაშინიანი ვადამდელი არჩევნების გამართვას დათანხმდა. მისი რეიტინგი ამის შემდეგაც დაეცა და პრაქტიკულად განახევრდა.