ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ყირიმის ხიდის დაუცველად დატოვებისთვის პირი გაასამართლეს


რუსეთის სასამართლომ ეროვნული გვარდიის ყოფილ მაღალჩინოსანს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის არასწორი აღჭურვილობის შესყიდვისთვის გაასამართლეს, რომელმაც ვერ დაიცვა ყირიმის ხიდი. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი წერს. ხიდი რუსეთის სამხრეთს მის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახეევვარკუნძულთან აკავშირებს.

TASS-ის ინფორმაციით, პოლკოვნიკმა სერგეი ვოლკოვმა შეიძინა 395 მილიონი რუბლის ღირებულების (4,5 მილიონი აშშ დოლარი) ორი სარადარო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელთ ფუნქციაც უკრაინული თავდასხმის შემთხვევაში, დრონების სიგნალის ჩახშობის გზით მათი ჩამოგდება უნდა ყოფილიყო.

მოსკოვის სამხედრო სასამართლომ დაადგინა, რომ აღჭურვილობა - რომელიც ასევე გამიზნული იყო სამხრეთ რუსეთიდან ყირიმამდე გამავალი გაზსადენის დასაცავას - საჭიროებდა განახლებას, რათა ეფექტური ყოფილიყო. სასამართლომ ვოლკოვი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა, რასაც კიევი და დასავლეთი არ ცნობენ და უკანონოდ მიიჩნევენ.

ვოლკოვი თავს დამნაშავედ არ აღიარებს და ამბობს, რომ ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში. აღჭურვილობა კი გამიზნული იყო სხვადასხვა ადგილად განლაგებული ეროვნული გვარდიის დანაყოფების დასაცავად.

საგზაო და სარკინიგზო ხიდი რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ე.წ. პრესტიჟის პროექტია. მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ხიდი უკრაინელი სამხედროებისა და სპეცსამსახურების მთავარი სამიზნე გახდა. ის სერიოზულ როლს ასრულებს ნახევარკუნძულზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო მომარაგებაში. ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა 2022 წლის ოქტომბერში მასშტაბური აფეთქების შედეგად.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ზიანი სატვირთო მანქანამ გამოიწვია, რომელიც ხიდზე გადაადგილებისას აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

XS
SM
MD
LG