ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევის თქმით, რუსეთი ატომური იარაღით პასუხისთვის მზადაა


დმიტრი მედვედევი კვლავ ატომური იარაღით იმუქრება. მისი თქმით, უკრაინის ნებისმიერი თავდასხმა რუსეთში მდებარე რაკეტების გაშვების ობიექტებზე, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღით, მოსკოვის მხრიდან ბირთვული პასუხის საფრთხეს ქმნის.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო მეთაური განიხილავს რუსეთის შიგნით რაკეტების გაშვების ობიექტებზე თავდასხმას, დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტებით. მედვედევს არ დაუსახელებია მეთაურები და არც სავარაუდო გეგმის დამატებითი დეტალები.

მედვედევის მუქარაზე უკრაინის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ყოფილა.

"რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - ისინი რისკავენ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ბირთვული შეკავების სფეროში საფუძვლების მე-19 პუნქტის ამოქმედებას ", - წერს მედვედევი "ტელეგრამის" არხზე.

რუსეთის 2020 წლის ბირთვული დოქტრინის მეცხრამეტე პუნქტი აყალიბებს იმ პირობებს, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას: ძირითადად, ეს უნდა იყოს პასუხი თავდასხმაზე ბირთვული, ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენებით, ან რუსეთის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებაზე, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ექმნება“.

ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის მონაცემებით, რუსეთი და შეერთებული შტატები მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული ძალები არიან. პუტინი აკონტროლებს 5 889 ბირთვულ ქობინს, ხოლო ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაახლოებით 5 244 ბირთვულ ქობინს.

XS
SM
MD
LG