ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ჩინეთი აშშ-ში პროტესტს დეზინფორმაციის ახალი ტალღისთვის იყენებენ


რუსეთი და ჩინეთი ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში უამრავ დეზინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "პოლიტიკოს" ანალიტიკოსები წერენ.

30 მაისიდან დაწყებული, ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელისუფლების მიერ მართული თუ დაფინანსებული მედიასაშუალებები და სოციალური მედიის სხვა მომხმარებლები, რომლებიც პეკინსა თუ მოსკოვს უკავშირდებიან, გამალებით ცდილობენ ამერიკაში მიმდინარე მოვლენების იმგვარად გაშუქებას, რომ ვაშინგტონი უძლურად წარმოაჩინონ, საზოგადოებაში კი დამაბნეველი და დამაპირისპირებელი მოსაზრებები გაავრცელონ.

დეზინფორმაციის ექსპერტები აქამდეც ამბობდნენ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს ორი ქვეყანა ძალისხმევას აორმაგებს. ჩინეთი დასავლური სოციალური მედიის პლატფორმებს საკუთარი მსოფლმხედველობის გასავრცელებლად გაცილებით უფრო აქტიურად იყენებს, ვიდრე აქამდე.

გერმანიის მარშალის ფონდის ციფრული დეზინფორმაციის ერთ-ერთი მკვლევარი ბრეტ შაფერი გამოცემა "პოლიტიკოსთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ჩვეულ ქმედებებს განაგრძობს.

"რუსეთი ახლა იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის. მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთი სრული მასშტაბითაა ჩართული ნარატივების იმ ბრძოლაში, რომელიც უშუალოდ მის ინტერესებს არ რგებს", - ამბობს შაფერი.

"პოლიტიკოს" თანახმად, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩინეთის ელჩებმა თუ რუსეთის მიერ მართულმა მედიასაშუალებებმა, ისევე როგორც კრემლთან თუ პეკინთან დაკავშირებულმა სხვა აქტორებმა 1200-ზე მეტჯერ დაწერეს "ტვიტერზე" ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორის ისეთი ჰეშთეგების გამოყენებით, როგორიცაა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" და "მინეაპოლისი".

"ტვიტერზე" გავრცელებული შეტყობინებებით და ტექსტებითა თუ სხვა ფოტო-ვიდეო მასალის გაზიარებით, ეს პირები თუ ორგანიზაციები ხშირად ცდილობდნენ წარმოეჩინათ ამერიკა, როგორც ორმაგი სტანდარტების ქვეყანა, რომელიც მოსკოვსა და პეკინს სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის აკრიტიკებს, თავად ამერიკაში კი ამავე სამოქალაქო უფლებების დარღვევა ცეცხლსა და ძალადობას იწვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG