დასავლეთ ევროპაში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები სტაბილურად იკლებს, თუმცა არა აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში. განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
"ამ მომენტისთვის ევროპაში, დასავლეთ ევროპაში [ინფიცირების] სტაბილური კლების მოწმე ვართ. ეს არ ხდება სწრაფად, მაგრამ მიმდინარეობს ახალი შემთხვევების სტაბილური კლება. ეს იმას ნიშნავს, რომ [ინფიცირების] ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერ ისევ მნიშვნელოვანია, თუმცა კლება სახეზეა, გარდა რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპისა, სადაც ზრდის მოწმენი ვართ" - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
დღეისთვის რუსეთში ინფიცირებულია 423 740-ზე მეტი ადამიანი. ეს მსოფლიოში რიგით მესამე მაჩვენებელია ინციფირებულთა რაოდენობის მიხედვით. დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 5 037-ს აღწევს.
შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მარგარეტ ჰარისის თქმით, მან არ იცის, მიიღო თუ არა ვაშინგტონიდან მისმა ორგანიზაციამ ოფიციალური შეტყობინება ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, რომ გაეროს ჯანდაცვის მთავარ სააგენტოს ტოვებს. მიზეზად ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიასთან ბრძოლისთვის თავის ვერ გართმევა დაასახელა.
Facebook Forum