აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელშიც ბრალი პოლიციელს ედება, პროტესტის მიზეზი, ამერიკის გარდა მსოფლიოს კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც გახდა.
შავკანიანი ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიან პოლიციელს მის კისერზე ფეხი 8 წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი. ძირს გაწვენილი და ბორკილებდადებული ფლოიდი ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელს მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მამაკაცი გარდაიცვალა.
ამერიკელი დემონსტრანტების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა ლონდონის ცენტრალურ ქუჩებში. ისინი მხარს უჭერენ მათ, ვინც ამერიკის ქუჩებში, უკვე მეექვსე დღეა შავკანიანი მამაკაცის სიკვდილს აპროტესტებს. ფლოიდის საქმე, ამერიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი პროტესტის მიზეზი გახდა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გადამწვარი და გაქურდულია მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები. გამომსვლელების ნაწილი ამტვრევს და ცეცხლს უკიდებს პოლიციის მანქანებსაც.
ბრიტანელი გამომსვლელები სკანდირებდნენ: "თუ არაა სამართლიანობა, არაა სიმშვიდე!".
პროტესტი ისმოდა, ასევე, დანიაშიც. ხალხი კოპენჰაგენში, ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბა. დემონსტრანტების მთავარი მესიჯი იყო: "შეწყდეს შავკანიანი ხალხის მკვლელობა".
პტოტესტი იყო გერმანიაშიც. ხალხი ქუჩებში გამოვიდა ტრანსპარანტებით: "ვის ურეკავთ, როდესაც პოლიციელია მკვლელი?"
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, გაზეთების პირველ გვერდებზეც, სწორედ ფლოიდის საქმე იყო გამოტანილი. ზოგიერთი გაზეთი მთლიანად ფლოიდის საქმის გაშუქებაზე გადავიდა და კორონავირუსის თემა, რომელიც, კვლავ მწვავედ დგას, მეორე პლანზე გადავიდა.
Facebook Forum