რუმინეთის მთავრობამ შავი ზღვის პორტ კონსტანცას საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა დაამტკიცა, რაც პორტში უფრო ფართო ინვესტიციების ნაწილია. ეს შეიძლება დაეხმაროს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს.
კონსტანცა უკრაინისთვის ყველაზე დიდი ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტია, დუნაის გავლით.
უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და რუმინეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია, მომდევნო თვეებში, გააორმაგონ უკრაინული მარცვლეულის ყოველთვიური სატრანზიტო მოცულობა კონსტანცაში 4 მილიონ ტონამდე.
მთავრობამ გააუმჯობესა ათობით სარკინიგზო ხაზი, რომელიც აკავშირებს მას უკრაინასთან და მიმდინარეობს სამუშაოები დუნაიზე მეტი ტვირთის გადასატანად, მათ შორის - მეტი თანამშრომლის დაქირავებით და ღამის ნავიგაციის გაფართოებით.
კონსტანცას პორტის განსანახლებლად, ტრანსპორტის სამინისტრო ევროკავშირის სახსრებს გამოიყენებს.
”ეს აშკარა დასტურია, რომ რუმინეთი სერიოზულ ძალისხმევას წევს უკრაინის მხარდასაჭერად მარცვლეულის ტრანზიტში, მაგრამ ასევე რეგიონის ურთიერთდაკავშირებისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ მთავრობის სხდომაზე.
სამუშაოები პორტში, რომელიც 155 მილიონი დოლარი დაჯდება, სავარაუდოდ 36 თვე გაგრძელდება.
ივლისში, მოსკოვმა დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელმაც საშუალებას იძლეოდა, უკრაინული მარცვლეული შავი ზღვით გადატანილიყო. შეთანხმების დატოვების შემდეგ მოსკოვმა არაერთი შეტევა მიიტანა უკრაინის დუნაის პორტებზე, რომლებიც რუმინეთის საზღვარზე მდებარეობს.
პირველ შვიდ თვეში უკრაინამ რუმინეთის შავი ზღვის პორტის კონსტანცას გავლით 8,1 მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანა.
პორტის გავლით ექსპორტი შესაძლოა 35 მილიონ ტონამდე გაიზარდოს, თუ ოპერაციებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება, განაცხადა უკრაინის მარცვლეულით მოვაჭრეების კავშირის ხელმძღვანელმა.