ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული მედიის როლი და პროპაგანდა


ჟურნალისტი და კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ნატალია როსტოვა რუსეთის მედიას უკვე 15 წელიწადია იკვლევს. რუსული მედიის მრავალწლიანი კრიტიკის მიუხედავად როსტოვას კონტრ-პროპაგანდის არ სჯერა.

მიაჩნია რომ ჟურნალისტები არ უნდა იბრძოდნენ არაფრის, მათ შორის პროპაგანდის წინააღმდეგ და არ უნდა ცდილობდნენ მოვლენებზე გავლენის ქონას. როსტოვა ასევე არ ეთანხმება უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულ კანონს რუსული არხების აკრძალვის შესახებ.

„მე 2002 წლიდან მოყოლებული მედიაზე ვწერ, ეს პერიოდი მოვლენებით სავსე იყო, ვწერდი იმაზე თუ როგორ ექცეოდნენ კრემლის გავლენის ქვეშ რუსული გაზეთები და სატელევიზიო არხები, ამით ჩემი პროფესიული საქმიანობა ერთგვარად ამოიწურა, აღარ დარჩა მედია გავლენის მიღმა," ამბობს როსტოვა და დასძენს, რომ მისმა კრიტიკამ აზრი დაკაგრა.

"ჩემი სფერო ამოიწურა, რაღაზე უნდა ვწერო, იმაზე რომ პირველი არხის მორიგ ტყუილებზე? რამდენი წელი შეიძლება ეს აკეთო? არ მგონია ვინმეს გადარწმუნება შევძლო, მეორეს მხრივ იმ ხალხს, ვისაც რუსული მედიის ისედაც აღარ სჯერა, არც უყურებენ რუსულ არხებს და რა აზრი აქვთ მათთვის ამაზე საუბარს. ვერ ვხედავ უკვე ჩემი საქმიანობის სფეროს.“

მოსაზრებას, რომ დასავლეთი კონტრ-პროპაგანდაში არ უნდა ჩაერთოს იზიარებს რუსეთის მკვლევარი უილიამ პომერანციც. პროპაგანდის საპასუხოდ პომერანცი ღია და თავისუფალი მედიას მიიჩნევს, რომელიც დასავლური მედია სტანდარტების ერთგული დარჩება.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და შევძლოთ რუსულ აუდიტორიას ჩვენი ინფორმაცია მივაწოდოთ. ვფიქრობ რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი წარმატება ისაა, რომ რუსული მედია არის გასართობი. ამიტომაც ხალხი უყურებს რუსულ მედიას და ახალ ამბებსაც, როგორც გასართობი პაკეტის ნაწილს," ამბობს პომერანცი.

მისივე თქმით, დასავლეთმა უნდა გამონახოს გზები, რომლითაც ახალგაზრდებს მიწვდება. "ეს გამოწვევაა. ნაკლებია იმის შანსი, რომ რუსეთის ყველა პროპაგანდისთვის პასუხის გასაცემი რესურსები გვექნება, მაგრამ საუკეთესო მიდგომა იქნება ვუერთგულოთ ჩვენს სტანდარტებს და ვფოკუსირდეთ ღია და სამართლიან ინფორმაციაზე.“

მიუხედავად მზარდი რუსული პროპაგანდისა, როსტოვა არ ეთანხმება იმ მოწოდებებს, რომ შეერთებულმა შტატებმაც უნდა დააწესოს სანქციები რუსული მედია საშუალებების წინააღმდეგ, რადგან, მისი თქმით, ეს თავად ამერიკას და მის პრინციპებს ვნებებს, როგორიცაა კონსტიტუციის პირველი დამატება, რაც ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გარანტია.

XS
SM
MD
LG