შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უცხოეთის პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს. კანონპროექტი, რომელიც ყურადღებას ძირითადად რუსეთის და ჩინეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომზე ამახვილებს, განსახილველად კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა. რამ განაპირობა ამერიკელ კანონმდებელთა გააქტიურება და რომელი ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული კრემლის დეზინფორმაცია? „ამერიკის ხმა“ ამ თემაზე ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პროფესორ ალინა პოლიაკოვას ესაუბრა.
კანონპროექტი 10 მაისს ამერიკელმა კონგრესმენებმა ლიუმ და კინზინგერმა წარმოადგინეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს აშკარად უფრო სერიოზულად აღიქვამს, ვიდრე ბოლო 25 წლის მანძილზე. პროფესორი ალინა პოლიაკოვა თვლის, რომ რეაქცია არათუ ადეკვატური, არამედ საკმაოდ დაგვიანებულიცაა.
„ახლა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსეთის მთავრობის მიერ საინფორმაციო ომით პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობის მასშტაბები. საუბარია არამარტო აღმოსავლეთ ევროპაზე, ან მეზობელ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა და კავკასიის ქვეყნები, მაგრამ ასევე დასავლეთ ევროპაზე. შეერთებულ შტატებში უკვე ბევრი ოფიციალური პირი საჯაროდ საუბრობს ეროვნული უსაფრთხოების საშიშროებაზე, რომელსაც რუსული მედია და დეზინფორმაციის მანქანა ქმნის. ასე რომ, მთლიანად საკითხის აღქმა შეიცვალა: ინფორმაციის გავრცელება ომის წარმოების სახეა და მასზე რეაგირება აუცილებელია“ - ამბობს ის.
პროფესორ პოლიაკოვას რამდენიმე, მათ შორის გერმანიის, ბერლინის მაგალითი მოჰყავს, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ საპროტესტო აქციები რუსული მედიის და სამოქალაქო სექტორის გავლენით გაიმართა. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, კრემლის პროპაგანდის მთავარ სამიზნეებად მაინც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის, საქართველო რჩება:
„აშკარად ისეთი ქვეყნებია მთავარი სამიზნე, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა. რუსეთის გარეთ მცხოვრები რუსულენოვანი უმცირესობებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფია, მათ შორის ევროპაში, ბალტიისპირეთში მცხოვრები ადამიანებიც... ამ ქვეყნებზე გავლენა განსაკუთრებით 2012 წელს პუტინის ძალაუფლებაში დაბრუნების შემდეგ გაიზარდა“.
რუსეთის პროპაგანდა შენიღბული მოქმედებს და მისი დაფიქსირება საკმაოდ რთულია. კრემლი იყენებს მედიის საშუალებებს, კვლევით ინსტიტუტებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ რელიგიურ ჯგუფებს და დასავლური ღირებულებების არასწორი ინტერპრეტაციით მათ აქტიურ ანტირეკლამას ეწევა. ასეთ ვითარებაში ერთი რამ, რაც პროფესორ პოლიაკოვას აზრით, საქართველოს მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გააძლიეროს საგამოძიებო ჟურნალისტიკა, დამოუკიდებელი მედია და ასევე ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორს.