კრემლი პროპაგანდის მანქანაზე ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდ ნახევარ დოლარს ხარჯავს. ანტიდასავლური პროპაგანდა 130 ქვეყანაში 30 ენაზე გადაიცემა და 600 მილიონამდე მოსახლეობის მოცვას ცდილობს. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებია. მაგრამ მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ამ თანხაში არ შედის რუსეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებული კვლევითი ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანიც ასევე დასავლური ფასეულობების და მთლიანად დასავლეთის საფრთხედ წარმოჩენაა.
ვაშინგტონში ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ჟურნალისტთა დამოუკიდებელ გამოძიებაზე დაფუძნებული ფილმი „გენერალური გეგმა“ (Master Plan) წარმოადგინეს. ჰერიტიჯის ფონდში გამართულ ფილმის ჩვენებაზე, ავტორებთან ერთად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ელჩებიც მიიწვიეს, რომელთაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და ახლა უკვე დასავლეთშიც გავრცელებულ რუსულ პროპაგანდაზე და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ერიკ მარმეიმ, ესტონეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყურადღება რუსეთის მიერ წარმოებული ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე გაამახვილა. „რუსული პროპაგანდის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის დანაწევრებას და დააზიანოს ევროპის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. ასევე ვფიქრობ, რომ მიზანი საზოგადოებათა დესტაბილიზაცია და ტრანს-ატლანტიკური ერთობის დაშლაც არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეძებოთ ამ ერთობის განმტკიცების გზები, რაც ევროკავშირის და ნატოს დახმარებით უნდა მოხდეს და გავზარდოთ ცნობადობა ამ პრობლემისადმი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით" - განაცხადა მან.
ფილმის „გენერალური გეგმა“ ანოტაცია რუსეთ-საქართველოს ომის თემით იწყება, რომელშიც კრემლის მიერ საომარი სტრატეგიის შეცვლაა ნაჩვენები. „2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთმა ბრძოლის წარმოების ახალი მოდელის გამოყენება დაიწყო - ჰიბრიდული ომის - სადაც სამხედრო ქმედება ადამიანთა გულებზე და აზროვნებაზე ზემოქმედებასთან კომბინაციაში მიმდინარეობს“ - ნათქვამია მასში. ფილმის თანაავტორმა ინგა სპრინგემ პრეზენტაციაზე იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებზეც ისაუბრა, რომელთა გამოყენებითაც კრემლი ამ ბრძოლის მოგებას ცდილობს.
„რუსული მედიის ცნობით, ნორვეგიაში ინცესტი სოციალური ნორმაა და განათლების მინისტრი ამ საგნის სკოლებში სწავლებას გეგმავს... უამრავი სტატია იყო რუსულ წყაროებში ამის შესახებ... აუცილებელია ასეთ დროს ტყუილის მხილება და სწორი ინფორმაციის, ფაქტების მიწოდება... და კიდევ: შვედეთი და ამერიკა ჩვენს ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმს ნერგავენ... ხშირად ვფიქრობთ, რომ ამ დონემდე არ უნდა დავიდეთ და ამ სისულელეებს პასუხი არ უნდა გავცეთ. არა! ასე ფიქრი აროგანტულობაა. განხილვა და კამათი საჭირო არ არის, მაგრამ სწორი, ალტერნატიული ინფორმაცია მაინც უნდა მივაწოდოთ" - აღნიშნავს ბალტიისპირეთის 3 ქვეყნის პროდიუსერების მიერ შექმნილი ფილმის თანაავტორი.
„უნდა დავიწყოთ იმით, რაც უკვე გვაქვს. ჩვენ გაგვაჩნია „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფალი ევროპა - რადიო თავისუფლება“. ამ არხების მეტ წვდომაზე უნდა ვიფიქროთ... ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ და განსაკუთრებით დავეხმაროთ რუსულ პროგრამებს, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით რუსულენოვან მოსახლეობას მიუწვდებოდეს ხელი მათ გადაცემებზე“.
ფონდ „ჰერიტიჯში“ გამართულ პრეზენტაციაზე მომხსენებლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სიტყვის თავისუფლების უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხულია დასავლეთმა უცხოეთში მაუწყებელი რუსული მედიის არხები, როგორიცაა მაგალითად „არ-ტი“, ან „სპუტნიკი“ შეზღუდოს, ან მითუმეტეს, დახუროს. პროპაგანდასთან ბრძოლა მხოლოდ სიმართლით და აუდიტორიასთან ინტენსიური კომუნიკაციით შეიძლება.