დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერი (2002-2013) მაიკლ ბლუმბერგი, მომდევნო საპრეზიდენტო დებატებზე მოხვედრისთვის აუცილებელ ყველა პირობას აკმაყოფილებს. ორი მაღალი რეპუტაციის მქონე ამერიკული მაუწყებლის, "ენ-პი-არის" და "პი-ბი-ესის" მიერ ეროვნული მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბლუმბერგის რეიტინგი 19 პროცენტია. დემოკრატთა დებატებზე მოსახვედრად, შეერთებული შტატების პრეზიდენტობის მსურველს, ამერიკელებში პოპულარობის მინიმუმ 10% სჭირდება.
გამოკითხვას ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს (31%). მეორე ადგილზე მაიკლ ბლუმბერგია (19%), მესამე ადგილზე კი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გავიდა (15%). შემდეგ მოდიან: მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი (12%), მინესოტის სენატორი ემი კლობუჩარი (9%) და საუთ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი (8%).
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განცხადების გაკეთებისთანავე, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი კრიტიკოსების სამიზნე გახდა. მას თავს გამუდმებით ესხმიან როგორც დემოკრატი კანდიდატები და მათი მხარდამჭერები, ასევე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ტანმორჩილობის გამო, დონალდ ტრამპმა მაიკლ ბლუმბერგს "მინი მაიკი" შეარქვა და ამ მეტსახელს გამუდმებით ეძახის. გასულ კვირას კი ისიც თქვა, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერი "მკვდარი ენერგიის მასაა".
ბლუმბერგის ქონება დაახლოებით $62 მილიარდად არის შეფასებული. გავრცელებული ინფორმაციით, მან საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი სახსრებიდან 400 მილიონი დოლარი ჩადო. დემოკრატი იპონენტების ნაწილი ბლუმბერგს ბრალს დებს იმაში, რომ მილიარდერს შიდაპარტიული არჩევნების "ყიდვა" სურს.
ბლუმბერგს მონაწილეობა არც აიოვის კოკუსში მიუღია და არც ნიუ-ჰემფშირის პრაიმერში. ის მომდევნო 2 შტატში (სამხრეთ კაროლინა და ნევადა) დაგეგმილ შიდაპარტიულ არჩევნებსაც გამოტოვებს. ბლუმბერგი მთელი ძალებით ემზადება ე.წ. სუპერ სამშაბათისთვის, რომელიც 3 მარტს გაიმართება. სუპერ-სამშაბათი ამ დღეს იმიტომ შეარქვეს, რომ 3 მარტს დემოკრატ კანდიდატებში საკუთარ რჩეულს ერთდროულად 14 შტატი დაასახელებს.
დემოკრატები პარტიის ნომინაციის მფლობელის ვინაობის შესახებ საბოლოო გადაწვეტილებას ივლისში დაგეგმილ ე.წ. კონვენციაზე მიიღებენ. ეს პარტიის ყრილობის მსგავსი ღონისძიებაა. კონვენცია შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ნომინანტის ვინაობა პრაიმერებზე და კოკუსებზე მიღებული შედეგებით, მომდევნო თვეებში გაირკვევა.
Facebook Forum