დასავლეთ ამერიკის შტატ ნევადის ამომრჩევლები, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის შესარჩევ კონკურსში ხმას წინასწარ აძლევენ. ნევადა შტატების პარტიული კოკუსების და პრაიმერების გრძელ რიგში რიგით მესამეა, რომელიც ნოემბრის არჩევნებზე, საპრეზიდენტო ნომინანტის შესარჩევად ტარდება. ნომინაციის მფლობელი ზაფხულში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოცხადდება და ის არჩევნებზე რესპუბლიკელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.
გამოკითხვების მიხედვით, ნევადაში ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს, თვითგამოცხადებული დემოკრატი სოციალისტი. პირველი ორი შიდაპარტიული არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც მისი მთავარი კონკურენტი საუთ-ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი იყო, ნევადაში როგორც ჩანს, ორთაბრძოლა სანდერსს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გაიმართება.
წინასწარი ხმის მიცემა სამშაბათამდე გაგრძელდება, ამომრჩევლების ძირითადი ნაწილი კი ხმას შაბათს, შტატის მთელ ტერიტორიაზე გამართულ კოკუსზე მისცემს. ამ ტიპის წინასწარი ხმის მიცემა ნევადაში პირველად დაუშვეს და მისმა პოპულარობამ პირველ დღეს დიდი რიგები წარმოშვა. ზოგიერთ ამომრჩეველს საათნახევრიან რიგში დგომა მოუხდა, რათა დემოკრატი კანდიდატების დიდი ჯგუფიდან თავისი რჩეულისთვის ხმა მიეცა.
ნევადა პირველი შტატია, სადაც დემოკრატ პრეტენდენტებს რასობრივად მრავალფეროვან ამომრჩეველთან შეხვედრა მოუწევთ. ლათინო და აფრო-ამერიკელი ამომრჩევლები ნევადის მოსახლეობის დიდ წილს შეადგენს, რაც თვისობრივად განსხვავდება მეტწილად თეთრკანიანი ამომრჩევლებით დასახლებული, აიოვის და ნიუ-ჰემფშირის შტატებისგან, სადაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პარტიების შიგნით, პირველი ხმის მიცემა მოხდა.
Facebook Forum