ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-ჰემფშირში ბერნი სანდერსი დაწინაურდა


ვერმონტის შტატის სენატორმა ბერნი სანდერსმა, გამარჯვება მოიპოვა დემოკრატიული პარტიის ნიუ-ჰემფშირის შტატის შიდაპარტიულ არჩევნებზე (პრაიმერი). შტატში კარგი შედეგი აჩვენა კიდევ ერთმა წამყვანმა კანდიდატმა პიტ ბუტეჯეჯმა, რომელიც მას მცირე უპირატესობით ჩამორჩება. მესამე ადგილზე მინესოტელი სენატორი, ემი კლობუჩარი გავიდა. მეოთხე და მეხუთე ადგილი კი ელიზაბეტ უორენმა და ჯო ბაიდენმა დაიკავეს.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტები, ახლა უკვე სამხრეთ კაროლინის და ნევადის შტატებისკენ მიაპყრობენ ყურადღებას.

პრაიმერი, პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის გზაა, სადაც ამა თუ იმ პარტიის ამომრჩეველი აფიქსირებს არჩევანს, თუ ვინ სურს, რომ საყოველთაო არჩევნებში მისი პარტიის მიერ იყოს ნომინირებული.

მიუხედავად სანდერსის გამარჯვებისა, ის და ინდიანის შტატის პატარა ქალაქ საუთ-ბენდის ყოფილი მერი, პიტ ბუტეჯეჯი დემოკრატთა ეროვნული ყრილობისთვის, ნიუ-ჰემფშირის შტატიდან დელეგატების თანაბარ რაოდენობას მიიღებენ.

აიოვის შტატის შიდაპარტიულ არჩევნებზე (კოკუსი), რომელიც საპრეზიდენტო მარათონის პირველი კენჭისყრაა ორივე პარტიისთვის, პიტ პუტეჯეჯმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. დელეგატების რაოდენობით, დღეს ბუტეჯეჯი ლიდერობს. ნიუ-ჰემფშირთან ერთად, აიოვის კოკუსი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია ნომინაციისთვის მებრძოლი ლიდერის გამოსაკვეთად.

ახლა ყურადღება სამხრეთ კაროლინის შტატისკენაა მიპყრობილი. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შტატში სამშაბათსვე გაემგზავრა და სწორედ იქ ეცდება უპირატესობის მოპოვებას.

ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა იმაზე მსჯელობა, თუ ვინ იქნება დემოკრატების კანდიდატი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ვინ დაუპირისპირდება პრეზიდენტ ტრამპს. საბოლოო გადაწვეტილებას ივლისში დაგეგმილ ე.წ. კონვენციაზე - დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მიიღებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG