დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი - მთვარე -ბევრი მიმართულებით არის საინტერესო და მისი კვლევა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე ბევრი დეტალი უცნობი და გამოსაკვლევია. შესწავლას საჭიროებს მთვარეზე არსებული სეისმურ ბიძგები, მისი გავრცელების რადიუსი და ინტენსივობა. გამოსაკვლევია მთვარის ზედაპირი, იგივე ქერქი და დასადგენია მისი სიღრმეც. უნდა მოხდეს მთვარის მახასიათებლების უკეთ შესწავლა და დადგინდეს მისი მდგრადობაც.
მნიშვნელოვანია გაირკვეს მთვარეზე ყინულისა და წყლის საკითხიც, რომელიც როგორც მეცნიერები ამბობენ, მშრალი მასით არის დაფარული. ფაქტია, რომ ამ დროისათვის მთვარის ზედაპირი 100-ჯერ უფრო მშრალია ვიდრე საჰარის უდაბნო. 2020 წელს ამერიკის აერონავიტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) მისიამ სახელად „სოფიამ“ დაადასტურა წყლის არსებობა მთვარის მზიან ნაწილში. ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ მთვარის ზედაპირზე, მტვერში H2O-ს მოლეკულები აღმოაჩინეს. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო რადგან მანამდე მეცნიერების ნაწილი ამბობდა, რომ მთვარის ნათელ მხარეს წყლის არსებობა შეუძლებელი იყო, რადგან ის მალევე აორთქლდებოდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ყინულის აღმოჩენის შემთხვევაში ის შეიძლება გამოყენებულ იქნას საწვავის, ჟანგბადისა და სასმელი წყლის მოსაპოვებლად, რაც მთვარეზე ხანრგრძლივი მისიების გაშვების საშუალებას გააჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე არაერთი მისია შესრულდა, მეცნიერებისთვის ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება ის, თუ რა ხდება მთვარის სამხრეთ პოლუსზე, რომელიც სრულად ბნელ რეგიონად მოიაზრება.
მთვარის "ბნელი მხარე“
სამხრეთ პოლუსი მთვარის ბნელი მხარეა, სადაც გარკვეულ ტერიტორიებზე საერთოდ არ აღწევს მზის სხივები. შესაბამისად იქ ძალიან ცივა, მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა -230 გრადუსსაც აღწევს. უხეშია ზედაპირიც. გარემო პირობები, მდებარეობა და კლიმატი კი ართულებს კვლევითი მისიების შესრულებას.
„ჩანდრაინ 3“- ინდოეთის ისტორიული ნაბიჯი
ორი ჩავარდნილი მისიის ფონზე ინდოეთი, რიგით მეოთხე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც მთვარეზე მისია წარმატებით დაიწყო, თუმცა პირველია, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსს გამოიკვლევს.
ინდური ხომალდი „ჩანდრაინ 3“ იგივე „მთვარის მანქანა“ უკვე მთვარის ზედაპირზე იმყოფება, სადაც 2 კვირის განმავლობაში დარჩება.
ინდოეთს ახლა მთვარეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აქვს, რომლებიც ამ დრომდე ერთ ხომალდშია მოთავსებული. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ექვსთვლიანი მავალია, რომელიც მთვარის რენტგენულ სპექტრომეტრიას მოახდენს და ზედაპირს შეამოწმებს. ინდური მისიის მიზანია გაზომოს მთვარის სეისმური აქტივობა, რომელიც საშუალოდ მთვარეზე წელიწადში რამდენჯერმე ხდება. სპეციალური აპარატი შეეცდება დაადგინოს ტალღების გავრცელების რადიუსი.
მეცნიერები მკაფიოდ ამბობენ, რომ ინდოეთის „ჩანდრაინ 3“ მნიშვნელოვანი ისტორიული მისიაა, თუმცა ის დაბალბიუჯეტიანია. „ჩანდრაინ 3“- რომელიც ახლა მთვარეზეა თითქმის 75 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა. ეს მაშინ, როცა ამერიკული მისიები მთვარეზე ასობით მილიონი დოლარი ჯდება.
რუსეთის „კრახი“
მთვარეზე „რბოლა“ როგორც მას მედიაში მოიხსენიებენ წლების წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. ინდოეთის წარმატებული მისიის ფონზე მსოფლიომ იხილა რუსული ხომალდის "კრახი".
დამკვირვებლეთა ნაწილი ამბობს, რომ რუსეთმა იჩქარა, თუმცა ეს მისიის ჩავარდნის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. სიჩქარეში კი ის იგულისხმება, რომ რუსეთმა მისია მთვარეზე 10 ივლისს გაგზავნა, ოთხი დღით ადრე, ვიდრე მისიას ინდოეთი დაიწყებდა. თუმცა რუსული ხომალდი „ლუნა25“ მთვარის ზედაპირს შეეჯახა და აფეთქდა.
“ზოგადად კრემლისთვის და პირადად ვლადიმირ პუტინისთვის, ეს იყო პროპაგანდისტული მისია. ის იყო იმისთვის, რომ დაენახებინათ მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არა თუ დედამიწაზე, არც კოსმოსში არაფრით ჩამორჩებოდა არცერთ ქვეყანას, მათ შორის ინდოეთს. მათი სურვილი იყო ინდოეთისთვის დაესწროთ“,- ამბობს ვიტალი ეგოროვი რუსი მეცნიერი "როიტერთან" საუბრისას და განმარტავს, რომ ეს იქცა „კრახად“ კრემლისთვის, რომელიც მილიონობით ადამიანმა პირდაპირ ეთერში იხილა.
საერთაშორისო პრესა რუსეთის კოსმოსურ ინდუსტრიის ენდემურ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც 1991 წლიდან იღებს სათავეს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ბევრმა მეცნიერმა დატოვა, შეწყდა კვლევები და დარგი კორუფციამ მოიცვა.
მოსკოვში ამბობენ, რომ „კრახი“ ექსპერტიზის ნაკლებობამ გამოიწვია. იური ბორისოვი, რომელიც „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელია ამბობს, რომ წარუმატებლობა ექსპერტიზის ნაკლებობამ და მთვარის კვლევაში ხანგრძლივმა პაუზამ განაპირობა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისიას ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა და ეს პაუზასთან კავშირში არ არის.
„როდესაც „ლუნა 25“ შეიქმნა 2014 წლის სანქციები დაწესდა. მაშინ სერიოზული პრობლემები დაფიქსირდა, რადგან რუსმა მეცნიერებმა და დეველოპერებმა ვერ მიიღეს წვდომა ევროპული წარმოების ელექტრონიკაზე, რომელიც მათ სასიცოცხლოდ ჭირდებოდათ და გეგმავდნენ დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებას. სანქციების გამო მოუწიათ გეგმის შეცვლა,“- ამბობს ეგოროვი სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.
რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია კიდევ უფრო დაზარალდა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როცა დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ უფრო ძლიერი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები აამოქმედა.
„[ლუნა25-ის] სტარტამდე 6 თვით ადრე გაირკვა, რომ შესრულებული სამუშაო სრულ შეუსაბამობაში იყო საწყის ტექნიკურ ამოცანასთან. მათ იცოდნენ, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდათ. მაგრამ, ისე უნდოდათ „ლუნა 25-ის“ გაშვება, რომ ტექნიკური მოთხოვნები შეცვალეს, გადაწერეს. შესაბამისად მოხდა ის რაც მოხდა “,- ამბობს ეგოროვი, მეცნიერი რომელიც ახლა რუსეთში არ ცხოვრობს და სამეცნიერო ბლოგებს ქმნის. მისივე თქმით "ლუნა 25-ს" ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ნავიგაციის პრობლემაც ჰქონდა.
წარუმატებელი მისიის ფონზე, არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ მოსკოვი მთვარეზე ახალ მისიას დააფინანსებს. რადგან ანალიტიკოსების თქმით ახლა რუსეთის ეკონომიკისთვის რთული მომენტია, მიზეზი იზოლაციაა, რომელშიც რუსეთი უკრაინაში ომის გამო მოექცა.
„ახლა რუსეთის ბიუჯეტი ძალიან შორს არის იმისგან, რომ ამისთვის ფინანსები გამოყოს. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშეა, არსებული ფინანსური და ეკონომიკური სანქციების გამო, თუ ბევრი სხვა რამ.. ამ ფონზე, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის შეძლებს, თუ არა კრემლი "როსკოსმოსის" მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ახალი მისიის დაფინანსებას 2027 ან 2028 წლებში“,- ამბობს ეგოროვი.
ახალი მისიისთვის სულ ცოტა ათობით მილიონი დოლარი იქნება საჭირო-ამბობენ ანალიტიკოსები და აქვე განმარტავენ, რომ მხოლოდ ეს კრემლის ამბიციურ გეგმებს ვერ დაეხმარება. ფინანსებთან ერთად დღეს "როსკოსმოსს" გამოცდილი მეცნიერები და ტექნოლოგიებზე წვდომაც ესაჭიროება, რაც დღეს რუსეთში დეფიციტშია.
„ეს გაშვება საინჟინრო თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო ზოგადი სტრუტურის გამოცდა. თუ ყველაფერი წარმატებული იქნებოდა მათ შეეძლოთ ამ მონაცემების გამოყენება მომავალი კოსმოსური ხომალების შესაქმნელად. მაგალითად „ლუნა26-ის“ ან „ლუნა 27“-ის შესაქმნელად. მაგრამ ახლა მათ სრულად უნდა განაახლონ ეს პროცესი ან საერთოდ ნულიდან დაიწყონ“,- ამბობს სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს ვიტალი ეგოროვი.
„არტემისი 2“ - ამერიკული გრძელვადიანი კვლევითი მისია
მთვარის კვლევას განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო ახალი მისიის დაწყებას 2024-25 წელს გეგმავს. ეს იქნება ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველი ეკიპაჟიანი მისია მთვარეზე. აღსანიშნავია, რომ პირველად მთვარეზე ფეხი სწორედ ამერიკელმა ასტრონავტმა დადგა, ამ ისტორიული ნაბიჯიდან 50 წელზე მეტია გასული.
ახალი მისიის დაწყების კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია ის, რომ ეკიპაჟს მთვარეზე "არტემის 2" ჩაიყვანს. მისიის ბიუჯეტი კი 800 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ხომალდის განვითარება და გაძლიერება უწყვეტად მიმდინარეობს.
იდეა თავდაპირველად 2019 წელს განჩნდა, როცა „ნასამ“ თქვა, რომ 5 წელიწადში ახალ მისიას დაიწყებდა. ნასამ მთავარეზე 2022 წელს „არტემის ერთი“ წარმატებით გაუშვა, თუმცა პირველი ფრენა ეკიპაჟის გარეშე შესრულდა.
წარმატებული ფრენიდან მალევე ცნობილი გახდა, „არტემის 2“-ის ეკიპაჟის ვინაობა. ოფიციალური ცნობით ეკიპაჟში იქნებიან ამერიკის სამი და კანადის ერთი მოქალაქე.
ამერიკის გრძელვადიან კვლევით მისიას მთვარეზე მხარს 28 ქვეყანა უჭერს. მათ შორის არ არიან ჩინეთი და რუსეთის ფედერაცია. ამერიკელი მეცნიერები მთვარეს განიხილავენ, როგორც საუკეთესო გზას მარსთან დაკავშირებისთვის, სადაც პირველი ეკიპაჟი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 2040 წელს ჩავა.
მთვარეზე მისიას გეგმავს ჩინეთიც და იაპონიაც, კონკრეტული თარიღები ამ დროისთვის უცნობია.
მთვარეზე „რბოლის“ პროცესში მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაეროს 1967 წლის გადაწყვეტილება კრძალავს ნებისმიერი ერის მიერ მთვარის მფლობელობაზე პრეტენზიის გამოცხადებას, თუმცა არ არსებობს დებულება, რომელიც შეაჩერებს მთვარეზე კომერციულ ოპერაციებს.
Facebook Forum