3 აპრილს, ნასამ (აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ) კანადის კოსმოსის სააგენტოსთან ერთად, დაასახელა იმ 4 ასტრონავტის ვინაობა, რომლებიც „არტემის 2-ით“ მთვარეზე გაფრინდებიან. პრეზენტაცია ნასას ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გაიმართა, რომელიც ჰიუსტონში, ტეხასის შტატში მდებარეობს.
ეს იქნება პირველი ეკიპაჟიანი მისია მთვარეზე, რომელიც ახალი კოსმოსური ხომალდით „არტემისით“ განხორციელდება. შეერთებული შტატები მთვარეზე გრძელვადიანი კვლევითი პროგრამების დაფუძნებას გეგმავს.
ეკიპაჟში 3 ამერიკელი და ერთი კანადელი ასტრონავტია. ესენი არიან: მეთაური რეიდ ვაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი, მისიის სპეციალისტი ქრისტინა ჰამოკ კოჰი და მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი. „არტემის 2-ის ეკიპაჟი წარმოადგენს ათასობით ადამიანს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა ჩვენ ვარსკვლავებთან წაგვიყვანონ. ეს არის მათი ეკიპაჟი, ეს ჩვენი ეკიპაჟია, ეს კაცობრიობის ეკიპაჟია“ - თქვა ნასას ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა, მათი წარდგენისას. მთვარეზე პირველად გაფრინდებიან: ასტრონავტი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი კანადელი ასტრონავტები.
„არტემისის“ პირველი გაფრენა მთვარეზე ეკიპაჟის გარეშე განხორციელდა, 2022 წლის დეკემბერში. მას შემდეგ, რაც მთვარეზე ნასას პირველი, „აპოლოს“ მისია შეწყდა, უკვე 50 წელზე მეტი გავიდა, რაც დედამიწის თანამგზავრზე ადამიანი არ ყოფილა. 1969-1972 წლებში, ნასამ მთვარის ზედაპირზე რამდენიმე სხვადასხვა ხომალდით 12 ასტრონავტი გადასვა.
Facebook Forum