ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისია "არტემისი-1"-ის გაშვება გადაიდო


ნასამ მისია "არტემისი-1"-ის გაშვება დროებით გადადო. მისია, რომელსაც სტარტი კეიპ-კანავერალში, კენედის კოსმოსური ცენტრიდან 29 აგვისტოს უნდა აეღო და უეკიპაჟო კაფსულას მთვარისთვის წრე უნდა დაერტყა, ოთხიდან ერთ-ერთ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეაჩერეს.

ფლორიდაში გაშვების სანახავად უამრავ მოქალაქესთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მეორე ჯენტლმენი დაგლას ემჰოფიც იყვნენ ჩასულები. იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ სპეციალისტები პრობლემის აღმოჩენას და მის გამოსწორებას, მისიის გაშვება შესაძლებელი ყველაზე ადრე, მხოლოდ პარასკევს ნაშუადღევს გახდება.

სახელგანთქმული "აპოლოს" ეპოქიდან ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ, ნასა "არტემისით" ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დაბრუნებას აპირებს. მართალია, ამერიკელი ასტრონავტების მიერ უშუალოდ მთვარეზე ფეხის დადგმამდე ჯერ კიდევ 3 წელი რჩება, თუმცა სამზადისი უკვე დაიწყო და 29 აგვისტოს პირველი სატესტო გაფრენა უნდა შემდგარიყო.

ფლორიდის შტატში დაგეგმილი უახლესი და უმძლავრესი სარაკეტო სისტემის გრანდ-დებიუტი ასევე გულისხმობდა ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტოს მიერ ახალი თაობის მეგარაკეტად წოდებულ კოსმოსური ხომალდების გაშვების სისტემის (SLS) პრეზენტაციას. დღესვე უნდა მომხდარიყო ეკიპაჟისთვის განკუთვნილი "ორიონის" კაფსულის პრეზენტაცია. პირველი ვოიაჟის დროს უეკიპაჟო კაფსულა ექვსკვირიანი ფრენის და მთვარის გარშემო წრის შესრულების შემდეგ, 10 ოქტომბერს წყნარ ოკეანეში უნდა ჩაშვებულიყო.

ახალი სარაკეტო სისტემის განვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დიზაინის, კონსტრუქციის, ტესტირებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, ნასას ის დაახლოებით $37 მილიარდი დაუჯდა. პროექტში ათასობით ადამიანი დასაქმდა, სამთავრობო სააგენტოს კონტრაქტორ კომპანიებს შორის კი იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა მაგალითად "ბოინგი" და "ლოკჰედ მარტინი".

"არტემისი" (ქართული შესატყვისი - არტემიდა), ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, "აპოლოს" (ქართულად - აპოლონი) ტყუპისცალია. ნასაში ის სიმბოლურად "ძმის" მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და მომავალში კიდევ უფრო შორს, მარსზე გაფრინდება. "აპოლოს" პროგრამით მთვარეზე 1969-1972 წლებში 12 ამერიკელი ასტრონავტი გაფრინდა. დღემდე მთვარეზე დედამიწიდან ფეხი სხვა ადამიანს არ დაუდგამს.

წინა კვირას ნასამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე 13 პოტენციური ზონა დაასახელა, სადაც მკვლევართა ახალი თაობების გაშვებას გეგმავს. მათ შორის იქნებიან პირველი ქალი მთვარეზე და პირველი ფერადკანიანი, რომელიც დედამიწის თანამგზავრს ეწვევა.

XS
SM
MD
LG