ნასამ ცოტა ხნის წინ ის 18 ასტრონავტი წარადგინა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს მთვარის პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. ასტრონავტებიდან 9 კაცი და ამდენივე ქალია. ყველა მათგანი "არტემისის" (იგივე არტემიდა) პროგრამაში ღებულობს მონაწილეობას.
ნასას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე ასტრონავტების ნახევარი უკვე კოსმოსში იმყოფება.
მისიის ორი ასტრონავტი, ვიქტორ გლოვერი და ქეით რუბინი ამ დროისთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მსახურობენ, როგორც პირველი სრულუფლებიანი ეკიპაჟის წევრები. ისინი იმყოფებოდნენ "სფეის-იქს" დრაკონის ბორტზე. მისიაში ასევე ჩართულები არიან ქრისტინა კოხი და ჯესიკა მეირი, ისინი მსოფლიოში პირველი ქალები არიან, რომლებიც გასულ წელს ღია კოსმოსში იმყოფებოდნენ.
"ამერიკული კოსმოსური კვლევის მომავალი, რომელიც ნათელია,"- ეს არის სიტყვები რომელიც კოსმონავტების წარდგენის შემდეგ, ამერიკის მოქმედმა ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა წარმოთქვა. ის ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსურ ცენტრში, პროგრამის გახსნის ღონისძიებას უძღვებოდა.
"არტემისი" ნასას ახალი პროგრამაა, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ადამიანების მთვარეზე და მარსზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში მომდევნო წელს დაიწყება სპეციალური უპილოტო კაფსულის გამოცდა, რომლითაც მთვარეზე და მარსზე ადამიანების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს.
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა წარმატებით განვითარდება, 1972 წლის შემდეგ 2024 წელს მთვარეზე პირველად დაეშვებიან ამერიკული ეკიპაჟის წევრები. პირველი გაფრენა მთვარეზე ამერიკელებმა ლეგენდარული "აპოლოს" პროგრამით შეძლეს და ეს 1972 წელს მოხდა.
მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს ხომალდზე, რომლითაც ადამიანები მთვარეზე და მარსზე მოხვდებიან. ხომალდის გამოცდა ამერიკაში ტეხასის შტატში ხორციელდება. როგორც "სფეის-იქსში" ამბობენ, თუ ხომალდი "სტარშიფი" წარმატებით გაივლის ყველა ეტაპს, 6 წელიწადში მისი დახმარებით მარსზე და მთვარეზე ადამიანების გადაყვანა იქნება შესაძლებელი.
ხომალდი სრულად უჟაგავი ფოლადისგან არის დამზადებული და ის 50 მეტრის სიმაღლისაა. ამ დროისთვის ხომალდის ცდებში პრობლემები არ დაფიქსირებულა. პირველი სატესტო ფრენა ხომალდმა რამდენიმე დღის წინ ამერიკა-მექსიკის საზღვართან მოახდინა. კომპანიის ხელმძღვანელი ელონ მასკი, რომელიც პროგრამაში აქტიურად არის ჩართული ამბობდა, რომ პროცესში წარმატების შანსი 3-დან ერთი იყო.
"გასაოცარია ტესტი. გილოცავთ სტარშიფის გუნდს,"- თქვა ილონ მასკმა.
Facebook Forum