კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპისთვის საახალწლოდ გაგზავნილ მილოცვაში აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა დიალოგისთვის არაერთ სხვადასხვა საკითხზე.
ჰელსინკის სამიტის შემდეგ დაგეგმილი რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გადაიდო ან ჩაიშალა. ნოემბერში დონალდ ტრამპმა გააუქმა რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტის დროს უნდა გამართულიყო. ტრამპმა ეს შეხვედრა "უკრაინაში მოვლენების გარკვევამდე" გადადო. საუბარია ნოემბრის ბოლოს რუსი სამხედროების მიერ ქერჩის სრუტესთან, აზოვის ზღვაში 20-ზე მეტი უკრაინელი მეზღვაურისა და ხომალდების დაკავებაზე.
"ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობისთვის", - ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში. "მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრემლი მზადაა ამერიკასთან დიალოგისთვის მრავალი სხვადასხვა საკითხის შესახებ"
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს,რ ომ ერთ-ერტი უმთავრესი საკითხი, რომლის განხილვაც პუტინს ტრამპთან სურს, ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებაა ცივი ომის დროინდელი ბალისტიკური შეთანხმებიდან ამერიკის გამოსვლის შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ახლა უკვე ამერიკაზეა დამოკიდებული, ამერიკული მხარის გადასაწყვეტია შედგება თუ არა ახალი შეხვედრა 2019 წელს.
ვლადიმირ პუტინმა საახალწლო მილოცვა გაუგზავნა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსაც, რომელშიც ადასტურებს, რომ გააგრძელებს სირიის მთავრობისა და სირიელი ხალხის დახმარებას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
პუტინმა ახალი წელი მიულოცა სხვა მსოფლიო ლიდერებსაც, იაპონიის პრემიერს, შინზო აბეს და ჩინეთის პრეზიდენტს. ასევე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. მან ბრიტანელ ხალხს "კარგად ყოფნა და კეთილდღეობა უსურვა"
რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა ლონდონში, თქვეს, რომ პარასკევს ოფიციალური მოსკოვი და ლონდონი შეთანხმდნენ, რომ დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი მათი მისიის ქვეყნებში დაბრუნდება. მათი დიდი ნაწილი ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის შემდეგ ბრიტანეთმა ქვეყნიდან გააძევა, რასაც რუსეთმა მსგავსივე ნაბიჯით უპასუხა.
Facebook Forum