ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღადგინეს


ტეხასის ასობით ათასი სახლი მეოთხე დღეა გათბობის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის კომპანიას დენის მიწოდების აღდგენის საქმეში გარკვეული წინსვლა აქვს და ზამთრის შტორმმაც შტატის საზღვრები დატოვა.

თუმცა კრიზისი, რომელმაც ქვეყნის სიდიდით მეორე შტატი მოიცვა ჯერ კიდევ გრძელდება. მილიონობით ადამიანს წყალზე ხელი არ მიუწვდება, ბევრს სურსათის პოვნა უჭირს და ყინვა შაბათის ჩათვლით გაგრძელდება.

კომპანია ERCOT-მა, რომელიც შტატის ელექტროენერგიის 90 პროცენტის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, განცხადებაში თქვა, რომ სახლებში დენის მიწოდებაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია, თუმცა ციფრები არ წარმოუდგენია.

ამჟამად, ტეხასის 490 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. ვებ-გვერდ “poweroutage.us”-ის თანახმად, რომელიც ენერგიის გათიშვებს აღრიცხავს, ოთხშაბათს ეს ციფრი 2.7 მილიონი იყო.

68 წლის ტეხასელმა გარი საუთერნმა თქვა, რომ ენერგიის მიწოდება ოთხშაბათს განუახლდა და მან და მისმა მეუღლემ ორშაბათის შემდეგ პირველად შეძლეს ღამით სრულფასოვნად დაძინება. მან თქვა, რომ ენერგიის გათიშვის შემდეგ ბუხრის წინ, გასაშლელ სავარძლებზე ეძინათ, ბუხარს კი ახლომდებარე რანჩოდან მოტანილი შეშით ანთებდა.

ენერგიის გათიშვამ მილიონობით ადამიანს წყლის მიწოდება შეუწყვიტა და საავადმყოფოებს პანდემიის პირობებში ავადმყოფების მკურნალობა გაუძნელა.

ოთხშაბათს, ტეხასის 254-დან 100 საგრაფოს მცხოვრებლებს უთხრეს, რომ სასმელი წყალი გადაედუღებინათ, რადგან ენერგიის ნაკლებობის გამო წყლის დამუშავება ვერ ხდებოდა. იმავდროულად, 12 მილიონამდე ადამიანს ონკანში სასმელი წყალი არ ჰქონდა ან მხოლოდ პერიოდულად მიეწოდებოდა.

შტატის უდიდესი ქალაქის ჰიუსტონის და სხვა ადგილების საავადმყოფოები წყლის ნაკლებობის შესახებ იუწყებიან.

ზამთრის შტორმი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადაადგილდებოდა შესაძლოა ვირჯინიის, დასავლეთ ვირჯინიის, მერილენდის და პენსილვანიის ზოგიერთ ნაწილში 15.2-დან 20.3 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG