ქარიშხალი "ლაურა" ლუიზიანის შტატის სამხრეთ ნაწილს ღამით ეწვია. ძლიერი შტორმი ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, თავიდან მე-4 კატეგორიის იყო. დილის 4 საათისთვის, მას შემდეგ, რაც ის ხმელეთზე გადავიდა, შტორმის კატეგორია სპეციალისტებმა მესამეზე ჩამოწიეს.
დილის 1 საათზე, სანაპირო ქალაქ კამერონში, ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტრს აღემატებოდა. მსგავსი სიძლიერის ქარი ლუიზიანაში ბოლო საუკუნის მანძილზე არ ახსოვთ.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ასეთი ქარი აუცილებლად მოიტანს ძლიერ წყალდიდობას, რომელიც ზღვის წყალს ხმელეთზე 65 კილომეტრამდე გადაწევს. წყლის კედელი შეიძლება 2-სართულიანი სახლის სიმაღლის იყოს და მას გზად ვერავინ გადაურჩება - აცხადებენ შტატის ოფიციალური პირები.
მოსახლეობას სასწრაფოდ თავშესაფარში გამაგრებას უბრძანებენ. სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება ლუიზიანის და ტეხასის შტატებში დაახლოებით 620 000 ადამიანს შეეხო.
დარტყმის ქვეშაა ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი არტერია. ნავთობის მოპოვების და გადამუშავების საწარმოების უმეტესი ნაწილი დროებით გაჩერებულია.
Facebook Forum