ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" დელტა ვარიანტთანაც ეფექტურია - ბრიტანული კვლევის სრული ვერსია


"ფაიზერ-ბიონტექის" და "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის ორივე დოზით აცრა თითქმის ისევე ეფექტურია კორონავირუსის დელტა ვარიანტის მიმართ, როგორც მანამდე დომინანტური ალფას წინააღმდეგ. ამას ახალი კვლევა ადასტურებს, რომლის სრული ვერსია ოთხშაბათს გამოქვეყნდა სამეცნიერო გამოცემაში "ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალი" (New England Journal of Medicine).

ბრიტანეთის მოსახლეობის ვაქცინაციის რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევა იმასაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ ამ ვაქცინების ერთი დოზა არასაკმარისია კოვიდ-19-ისგან დასაცავად. როგორც ირკვევა, "ფაიზერის" ერთი დოზა მხოლოდ 36%-ით ეფექტურია, "ასტრაზენეკასი" კი - 30-ით.

მაღალი გავრცელებით გამორჩეული კორონავირუსის დელტა ვარიანტი ახლა მთელ მსოფლიოში დომინირებს. "ფაიზერმა" 88%-იანი ეფექტურობა აჩვენა დელტა ვარიანტით გამოწვეული სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ. ალფას მიმართ მისი ეფექტურობა ცოტა უფრო მაღალი, 93.7% იყო.

"ალფა ვარიანტთან შედარებით, ორივე დოზის მიღების შემდეგ, დელტა ვარიანტის შემთხვევაში მხოლოდ მცირე სხვაობები შეინიშნება ვაქცინების ეფექტურობის მხრივ" - წერია ინგლისის ჯანდაცვის წარმომადგენელთა მიერ მომზადებულ ნაშრომში. ბრიტანულმა კვლევამ კოვიდ-19-ის სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის გაცილებით მაღალი ეფექტურობა აჩვენა, ვიდრე მანამდე ისრაელში მომზადებულმა კვლევამ.

5 ივლისს ისრაელში გამოქვეყნებული ბოლო ერთი თვის მონაცემების მიხედვით, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ "ფაიზერის" ეფექტურობა როგორც ინფიცირების, ისე სიმპტომური დაავადების პრევენციის მხრივ, 64%-ზე ჩამოვარდა. თუმცა, "ვაქცინა" კვლავ მაღალ ეფექტურობას აჩვენებდა კოვიდ-19-ის მწვავე ფორმების წინააღმდეგ. ისრაელში მომზადებული კვლევის ავტორების მონაცემებით, "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინა მძიმე დაავადებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვას 95-ზე მეტი პროცენტით უზრუნველყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG