ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოდერნას" კვლევა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს


კომპანია "მოდერნას" მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა აჩვენებს, რომ მათი კოვიდ-19-ის ვაქცინა დელტა ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია. კვლევის შედეგების მიხედვით, ვაქცინის ეფექტურობამ პირველად ინდოეთში აღმოჩენილი ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ მცირედით იკლო.

განცხადება სამშაბათს თავად კომპანიამ გაავრცელა. მეცნიერებმა სისხლის ნიმუში 8 ადამიანისგან აიღეს, რომელთაც ერთი კვირის წინ დაასრულეს "მოდერნას" mRNA-1273 ვაქცინის ორივე დოზის მიღება.

კომპანია აცხადებს, რომ ვაქცინის მიერ პროვოცირებულმა ანტისხეულების საპასუხო რეაქციამ ყველა ვარიანტის წინააღმდეგ წარმატებით იმოქმედა, რომელიც კი მათ გასინჯეს. ვაქცინა გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა დელტას წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებაში, ვიდრე ის ბეტას წინააღმდეგ იყო. ბეტა ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში იპოვეს.

"მოდერნას" ვაქცინის წყალობით გამომუშავებული გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობა ბეტას სამ სხვადასხვა ვერსიასთან შედარებით, დელტას შემთხვევაში 6-8-ჯერ უფრო მაღალი იყო. "ეს ახალი მონაცემები დამაიმედებელია და განამტკიცებს ჩვენს რწმენას იმაში, რომ "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინა ახლადგამოჩენილ ვარიანტებთან მიმართებაშიც გააგრძელებს ჩვენს დაცვას" - თქვა კომპანიის ხელმძღვანელმა სტეფანი ბანცელმა.

კვლევის წინასაპუბლიკაციო ვერსიის ნახვა ორშაბათს გახდა შესაძლებელი. ის სამეცნიერო ჟურნალში ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG