ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჭვები "სინოვაკის" ვაქცინასთან დაკავშირებით ისევ იზრდება


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელებასთან ერთად, იზრდება შეშფოთება ჩინური კომპანია "სინოვაკის" მიერ წარმოებულ კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონის ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა.

ინდონეზიაში აცრილების 90% "სინოვაკის" ვაქცინითაა აცრილი. ინდონეზიის სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, სულ ცოტა, 10 ექიმი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით, ვინც ორი დოზით სრულად იყო აცრილი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ქვეყნის ჯანდაცვამ, რომელთა შორის ტაილანდიცაა, გადაწყვიტა "სინოვაკის" ვაქცინით აცრილ ადამიანებს, დასავლეთში წარმოებული დამატებითი დოზა დაუნიშნოს, მაგალითად - "ასტრაზენეკას" მიერ წარმოებული.

"სინოვაკის" ვაქცინა ერთ-ერთია იმ 7 კოვიდ-19-ის ვაქცინას შორის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მისცა. კვლევები მის ეფექტურობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს და ისევ გრძელდება. თუმცა, აშკარაა, რომ "სინოვაკის" ვაქცინა უფრო ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე დასავლეთში დამტკიცებული სხვა ვაქცინები, როგორიცაა "ფაიზერ-ბიონტექის", "მოდერნას", "ჯონსონი და ჯონსონის", ან "ასტრაზენეკასი".

თავად კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ვაქცინის ეფექტურობის შესწავლა დელტა ვარიანტთან დაკავშირებით. ურუგვაის სამთავრობო მონაცემების მიხედვით, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, "სინოვაკის" ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის ორიგინალური შტამის წინააღმდეგ, შემდეგია: ინფიცირების წინააღმდეგ 61%, ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 92% და სიკვდილობის წინააღმდეგ 95%. ჩილეში კვლევამ ინფიცირების რისკის 65.9%-ით შემცირება აჩვენა, ჰოსპიტალიზაციის - 87.5% და სიკვდილობის - 86.3%.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტ ეფექტურობას კოვიდ-19-ის სიმპტომატური დაავადების პრევენციის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, "ფაიზერის" (95%) და "მოდერნას" (94%) ვაქცინები აჩვენებს. რაც შეეხება დელტა ვარიანტს, რომელიც თანდათან მთელ მსოფლიოში დომინანტური შტატმი ხდება, ბრიტანეთის სამთავრობო მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინა ჰოსპიტალიზაციის პრევენციის მხრივ 96 პროცენტით ეფექტურია, "ასტრაზენეკასი" კი - 92-ით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG