ფხენიანის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა ჩაატარა. ეს სამხრეთ კორეის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მოხდა. განცხადება დღეს, 19 იანვარს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ KCNA გაავრცელა.
ცნობის მიხედვით, ბირთვული წყალქვეშა მოიერიშე დრონები "ჰაელი" (Haeil-5-23) აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში გამოსცადეს. თუმცა, ოფიციალური განცხადება არაფერს ამბობს გამოცდის თარიღზე. სამინისტროს სპიკერის მითითების გარეშე, ის აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს, სამხრეთ კორეას და იაპონიას სამხედრო წვრთნების გამო და აფრთხილებს მათ მოსალოდნელი "კატასტროფული შედეგების" თაობაზე.
სამი ქვეყნის საზღვაო ძალებმა სამდღიანი წვრთნები ოთხშაბათს, 17 იანვარს დაასრულეს. სამხედრო ვარჯიშები ფხენიანის განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში ჩატარდა.
19 იანვარსვე, მოგვიანებით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ საპასუხო განცხადება გაავრცელა. სეულმა გააფრთხილა ჩრდილოელი მეზობელი და მას ბოლო დროს დაწყებული ტესტების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ჩვენი არმია საფუძვლიანად არის მომზადებული ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებისთვის, შეერთებულ შტატებთან მყარი ერთობლივი თავდაცვითი პოზიციებით“, - ნათქვამია განცხადებაში. სეული პირობას დებს, რომ სათანადო, ძლიერ რეაგირებას მოახდენს, თუ ფხენიანი პირდაპირ პროვოკაციას მოაწყობს.
დრონების ახალი სისტემა სახელწოდებით "ჰაელი", რაც ცუნამის ნიშნავს, პირველად გასული წლის მარტში გამოსცადეს. მაშინ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ ფხენიანი აპირებდა ამ შეიარაღებით ფარული შეტევების განხორციელებას მტრის წყლებში და გეგმავდა აფეთქებებით გამოწვეული დიდი რადიოაქტიური ტალღის წარმოქმნით, ნავსადგურებზე და საზღვაო ფლოტებზე იერიშების მიტანის შესაძლებლობის გამოცდას.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ახალი საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა. ვაშინგტონმა, სეულმა და ტოკიომ დაგმეს ფხენიანის ეს ნაბიჯი და თქვეს, რომ ის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
სამი მოკავშირის ბირთვული წარმომადგენლები ერთი დღით ადრე, 18 იანვარს სამხრეთ კორეის დედაქალაქში შეხვდნენ. სეულში შეკრებილებმა დაგმეს ფხენიანს და მოსკოვს შორის შეიარაღებით ვაჭრობის გაღრმავება და მზარდი მტრული რიტორიკა იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
Facebook Forum