ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის ომისთვის "ჯადოსნური ჯოხი" არ არსებობს


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ არ არსებობს „ჯადოსნური ჯოხი“, რომელიც უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში დაეხმარება. მინისტრმა ამგვარად ხუთშაბათს დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომელიც კიევისთვის ბრიტანული ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესაძლებლობას ეხებოდა.

უოლესმა თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობა არ გამორიცხა, მაგრამ თქვა რომ ავაგამანადგურებლები ის არ არის, რაც უკრაინას დღეს სჭირდება. ამასთან ერთად, მხედველობაში მისაღებია პრაქტიკული საკითხები, მაგალითად რამდენ თვიანი სწავლება დასჭირდება უკრაინულ ძალებს, რომ მათი გამოყენება შეძლოს.

დასავლეთის სახელმწიფოებისგან უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების დაპირების შემდეგ, ყურადღება გადაერთო საკითხზე - ბრიტანეთი, აშშ და სხვა მოკავშირეები გაითვალისწინებენ თუ არა კიევის თხოვნას საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ.

შეერთებულმა შტატებმა თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. უოლესს პასუხი ასევე გადაჭრით არ გაუცია, მაგრამ თქვა, რომ უკრაინას ახლა სახმელეთო ძალების განმტკიცება სჭირდება. მან თქვა, რომ რუსების ტაქტიკა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ, ცოცხალი ძალით თავდასხმების ტალღებს ჰგავს, როდესაც მჭიდროდ კონცენტრირებული ქვეითი ჯარი მოწინააღმდეგის პოზიციების გადათელვას ცდილობს.

ხუთშაბათსვე, პრემიერ-მინისტრ სუნაკის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ბრიტანული ავიაგამანადგურებლის ასათვისებლად, პილოტს სულ მცირე 35 თვიანი სწავლება სჭირდება.

XS
SM
MD
LG