უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და დაბალი ხელფასები - ასეთია საქართველოს მოსახლეობის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი, მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემების პირველი ხუთეული.
გამოკითხულთა, 47 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარ ეროვნულ პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ზაფხულთან შედარებით (53%), ეს მონაცემი - 6%-ით შემცირდა. ამასთან, გამოკითხულთა 66%-ი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
მეორე ადგილზე 36%-ით, ფასების ზრდამ გადაინაცვლა. გასული წლის ივნისში, ინფლაცია გამოკითხულთა მხოლოდ 26%-ს აწუხებდა და ეს პრობლემა მეოთხე ადგილს იკავებდა.
სიღარიბე - 30%-ით მესამე ადგილზეა, შემდეგ მოდის - ტერიტორიული მთლიანობა (27%) და პენსიები (24%). ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა.
CRRC-ის პრეზიდენტი კობა თურმანიძე ამბობს მთავარ პრობლემათა ასეთი თანმიმდევრობა 2009 წლიდან უცვლელია, თუმცა 2016 წელს, მოსახლეობის ნაწილში გაჩნდა ოპტიმიზმი.
მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - უმუშევრობა და სოციალ-ეკონომიკური საკითხები. ეს გასაგებიც არის, რადგან, სტაბილურად, მოსახლეობის ორი მესამედი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ამ მხრივ ტენდენცია მდგრადია და არ იცვლება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო კვლევაში გამოიკვეთა მოსახლეობის მეტი ოპტიმიზმი"კობა თურმანიძე, CRRC-ის პრეზიდენტი
„მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - უმუშევრობა და სოციალ-ეკონომიკური საკითხები. ეს გასაგებიც არის, რადგან, სტაბილურად, მოსახლეობის ორი მესამედი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. შესაბამისად, ეს თემები განსაკუთრებით აწუხებს. ამ მხრივ ტენდენცია მდგრადია და არ იცვლება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო კვლევაში გამოიკვეთა მოსახლეობის მეტი ოპტიმიზმი. მეტი ხალხი მოელის რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება უახლოეს ერთ წელიწადში, ვიდრე მოელოდა 2016 წლის დასაწყისში ან შუაში.“
NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში 7 პროცენტით, 25-დან 32%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ რომ „ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“.
თავის მხრივ, 6 პროცენტით, 33-დან 27%-მდე, შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არასწორად ვითარდება. 36 %-ის აზრით კი „საქართველო საერთოდ არ ვითარდება“. 2016 წლის ივნისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2%-ით არის გაზრდილი.
გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ „საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან“. 12%-ის აზრით, საგარეო პოლიტიკა ცალსახად, "პროდასავლული" უნდა იყოს, "პრორუსული" პოლიტიკის მომხრე, ჯამში - გამოკითხულთა 27%-ია.
53% თვლის, რომ საქართველო "მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციით", 31%-ი კი საქართველოსთვის მეტ სარგებელს „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის“ ჩამოყალიბებაში ხედავს.
ბოლო კვლევაში, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 66%-დან 61%-მდე შემცირდა, თუმცა, 72%-ისთვის მისაღებია, რომ "საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს". პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამბობს
მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვა და სტრატეგიული კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისა, რომ მსგავსი ზრდა გამოიწვია, მხარდაჭერამ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით"სოფიო ქაცარავა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
„მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვა და სტრატეგიული კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისა, რომ მსგავსი ზრდა გამოიწვია, მხარდაჭერამ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით. ცხადია ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც აქვს ამ შედეგში თავისი წვლილი.“
NDI-ის მიერ დღეს წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, საპარლამენტო არჩვენების შემდეგ, 2016 წლის 4 ნოემბრისა-4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით სულ 3,141 მოქალაქე გამოიკითხა, მათ შორის, ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც.
სრულად NDI-ის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://drive.google.com/file/d/0B4Ga_NfYjme2VVF2UTg1bFFwOGs/view