ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლორა ჯუიტი „ენ-დი-აის“ ბოლო გამოკითხვის შესახებ


რა იყო ყველაზე თვალშისაცემი „ენ-დი-აის“ გამოკითხვის შედეგებში და რა დასკვნები შეიძლება გამოიტანონ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა? "ენ-დი-აის" ევრაზიის განყოფილების დირექტორი ლორა ჯუიტი ვაშინგტონში "ამერიკის ხმას" ესაუბრა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცეს ხმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. თქვენი აზრით, რით აიხსნება ეს გაურკვევლობა?

ეს ბოლო გამოკითხვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად თვალშისაცემი შედეგია. ქართველთა დიდი ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცეს ხმა არჩევნებზე. იმის მიხედვით, თუ როგორ გადავთვლით, რაოდენობა კიდევ უფრო მაღალია. რესპონდენტებს შორის 60 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. შედარებით დაბალია ეს მაჩვენებელი მათ შორის, ვინც ამბობს, რომ სავარაუდოდ ამა თუ იმ პარტიას აძლევს ხმას.

ჩემი აზრით, ეს ორი მიზეზით აიხსნება. პირველია ის, რომ ქართველები საკმაოდ უკმაყოფილო არიან იმით, რაც ქვეყანაში ხდება. გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, შედარებით 20-თან, რომელიც თვლის, რომ აღებული მიმართულება სწორია. 66 პროცენტი ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს, ამბობს, რომ ის ცუდ, ან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ქართველების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ოჯახებში მდგომარეობა არ შეცვლილა, ან გაუარესდა. ძალიან აწუხებთ უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ წინადადებები მოსახლეობამდე არ აღწევს.

ამ ყველაფერს მეორე მიზეზთან მივყავართ, რაც ახალი არ არის. ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან მას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, მათგან არაფერი ესმით, განსაკუთრებით პარლამენტის წევრების მხრიდან. გამოკითხულთა მესამედი საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს ვერ ასახელებს. ესეც დეპუტატების მხრიდან ამომრჩეველთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს. მარტო მეოთხედი თვლის, რომ არჩეული დეპუტატი მათ ინტერესებს გამოხატავს. მხოლოდ 2 პროცენტამდე, ნულთან ახლოსაა იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, ვისაც წინა არჩევნების შემდეგ თავის არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონია.

ასე რომ, თუ შევაჯამებთ, ეს არის სხვადასხვა საკითხებზე უკმაყოფილება და კომუნიკაციის, კონტაქტის ნაკლებობა, რაც ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ამა თუ იმ პარტიასთან. თუ არ ვცდები, ამგვარი პასუხი გამოკითხულთა დაახლოებით 40-მა პროცენტმა გაგვცა.

როგორ გგონიათ, ქართველმა პოლიტიკოსებმა რა დასკვნები შეიძლება გამოიტანონ თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან?

მე რომ ქართველი პოლიტიკოსი ვიყო, მთავარი გაკვეთილი ჩემთვის იქნებოდა შემდეგი: ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან პირისპირ საუბარი. ამასთან, აუცილებელია იმ თემებზე ლაპარაკი, რაც მათ აწუხებს, ანუ - სამუშაო ადგილებზე, ფასებზე, სიღარიბეზე. მოსახლეობასთან კავშირის დამყარებისთვის საჭიროა მიღწეული შედეგების ჩვენებაც იმ საკითხებში, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, ამაზე საუბარი აუცილებელია. თუ შედეგები ჯერ არ გაქვს, მაშინ პრობლემების გადაწყვეტისთვის რეალური კონკრეტული წინადადებები მაინც უნდა შესთავაზო.

ლორა თორნტონის, „ენ-დი-აისსაქართველოს ოფისის დირექტორის აზრით, დეკემბერში გამოქვეყნებულმა ევროკავშირის დადებითმა ანგარიშმა პოზიტიური გავლენა იქონია ევროკავშირისადმი ნდობის გაძლიერებაზე. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ თუკი დაპირებისამებრ, ამ მიმართულებით ზაფხულში საქართველომ მეტ პროგრესს მიაღწია, მაშინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება?

მე ვეთანხმები ლორას აზრს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 68 პროცენტი უჭერს მხარს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ არის მიმართული და 77 - ევროპის კავშირისკენ. ეს უკანასკნელი თვალშისაცემად გაიზარდა, რაც სავარაუდოდ სწორედ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამაში მიღწეულ წარმატებას უკავშირდება.

როგორც ქართველი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ვისაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება სურს, გამოკითხვა სავსებით გარკვეულ გზავნილს შეიცავს: ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აჩვენო შედეგი, კონკრეტული პროგრესი. ეს საქართველოს მოსახლეობაში ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას აშკარად აძლიერებს.

კიდევ ერთი საინტერესო რამ გახდა ცნობილი გამოკითხვის შედეგად. აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე ნიუანსი იმ საკითხში, თუ როგორ უყურებს ქართველი ევროპას და ევროკავშირს. საერთაშორისო ალიანსების შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმი მაინც ეკონომიკაა და არა იმდენად იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური საკითხები. ფოკუს-ჯგუფებში მუშაობამ აჩვენა, რომ როცა ქართველები არჩევანს ევროპის ან ევრაზიის კავშირს შორის აკეთებენ, ისინი პრიორიტეტს ეკონომიკურ სარგებელს უფრო მეტად ანიჭებენ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.

მეორე ნიუანსზეც მინდა ყურადღება გავამახვილო: ქართველებს არ სურთ, რომ მათი საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელიმე ალიანსში გაწევრიანება ექსკლუზიური იყოს. კითხვაზე, თუ რა იქნებოდა იდეალური საგარეო პოლიტიკის არჩევანი, ცოტამ თუ თქვა, რომ ისინი ექსკლუზიურად დასავლურ ორიენტაციას ირჩევენ. კიდევ უფრო ცოტას, ძალიან ცოტას სურს მხოლოდ რუსული ორიენტაცია. უმრავლესობის სურვილია, რომ მთავრობამ პროდასავლური კურსი აირჩიოს, მაგრამ ისე, რომ რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

ბევრი ნიუანსია. შესაბამისად, პოლიტიკურმა ლიდერებმა მხედველობაში ყველა ფაქტორი უნდა მიიღონ და ამის მიხედვით გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა მიუდგენ, როგორ ესაუბრონ საკუთარ ამომრჩეველს.

ქართველი პოლიტიკური ლიდერებისგან ხშირად ისმის გამოკითხვის შედეგების კრიტიკა და მათ მიმართ ერთგვარი სკეპტიციზმიც უკვე ტრადიციად იქცა. თუ ატარებთ კონსულტაციებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამოკითხვის ინსტრუმენტების და მეთოდოლოგიის თაობაზე?

რა თქმა უნდა! გამოკითხვის მიზანიც ეს არის: ერთის მხრივ „ენ-დი-აიმ“ უნდა შექმნას საქართველოს დახმარების პროგრამები და ამასთან ერთად, ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და არასამთავრობოებს მიაწოდოს სათანადო რესურსი, რითაც ისინი შეიტყობენ, თუ რა აწუხებს ქართველ ხალხს ყველაზე მეტად.

საქართველო გამორჩეული ქვეყანაა და განსაკუთრებით მომხიბვლელი იმით, რომ ქართველებს ჩამოყალიბებული აზრი აქვთ ბევრ საკითხზე, განიცდიან და ძალიან მგრძნობიარედ, ემოციურად ეკიდებიან თოთოეულ თემას. მაგრამ, როცა საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეხება, მსგავსი მონაცემთა ბაზა და ფაქტები მათ დიდ დახმარებას უწევს. ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკურ პარტიებს მტკიცებულებებით გამყარებული მონაცემები მივაწოდოთ და მიმდინარე დისკუსიაში ობიექტური ხმა შევიტანოთ.

თითოეული გამოკითხვის დიზაინის პროცესში კონსულტაციები მიმდინარეობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან. გვინდა გავიგოთ, თუ რა კითხვებზე პასუხი აინტერესებთ მათ ყველაზე უფრო. შემდეგ, გამოკითხვების დროს ყველა ამ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. ვცდილობთ ძალიან, ძალიან გამჭვირვალე ვიყოთ მეთოდოლოგიასთან მიმართებაში. ხალხმა უნდა გაიგოს, თუ როგორ ხდება პასუხების შეჯამება და დასკვნების გამოტანა.

ქართული ოცნებაგამოკითხვის შემდეგ დრამატულად შეიცვალა. კოალიცია დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ და ის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს. გამოკითხვის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას შეეხებოდა, ამით ერთგვარად არარელევანტური გახდა. თუ გეგმავთ არჩევნებამდე მორიგი გამოკითხვის ჩატარებას და როდის?

არჩევნებამდე კიდევ ერთ გამოკითხვას ჩავატარებთ, სავარაუდოდ - ზაფხულში. საინტერესო იქნება, თუ რამდენად შეიცვლება შედეგები. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ცვლილება შეიძლება ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხში გვქონოდა. ვგულისხმობ კითხვას - არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? ალბათ, რესპუბლიკელთა მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილების შემდეგ, ამ კითხვაზე საკმაოდ განსხვავებულ პასუხს მივიღებდით.

ამიტომ დაკვირვება საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ დანარჩენ კითხვებზე პასუხს ისევ ლეგიტიმურად ვთვლი. განსაკუთრებით - იმ თემებზე, რაც ქართველებს ყველაზე მეტად აწუხებთ. პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ გადაუწყვეტია, თუ ვის აძლევს ხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ. თუმცა, ეს შესაძლოა დიდ შესაძლებლობადაც აღვიქვათ: არის უამრავი ხმა, რომლის მოპოვების საშუალება ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ პლატფორმაზე და პარტიის იმ ლიდერებზე, რომელიც ქართველებს მოეწონება.

დასასრულს, რჩევის სახით კიდევ ერთ რამეს დავამატებდი: პარტიამ, რომელსაც მომავალ არჩევნებზე გამარჯვება სურს, მეტი ქალი უნდა მოიზიდოს, ჩართოს და მომგებიან პოზიციაში ჩააყენოს ის. საუბარია როგორც პარტიულ სიებზე, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე. როგორც ხედავთ, ქართველებს პარლამენტში მეტი ქალის ხილვა სურთ და კვოტირების პრინციპსაც ემხრობიან.

XS
SM
MD
LG