რა არის ვაშნგტონში თქვენი ვიზიტის მიზანი?
ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი მიზანი ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტისთვის მომზადებაა. ვარშავაში ჩვენ, უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო, რუსეთთან მიმართებით უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგმაზე ვიმსჯელებთ. ასევე ვიმსჯელებთ იმაზე თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ძალისხმევა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, და იმ ძალადობის დასაძლევად რისი მომსწრენიც გავხდით ერაყში, სირიასა და ზოგადად - ახლო აღმოსავლეთში.
ამ ორი საკითხის გარდა კიდევ რა არის ნატოსთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა?
ეს საკითხები რჩება ორ მთავარ გამოწვევად. ეს ორი განსხვავებული პრობლემებია, მაგრამ ჩვენ ერთდროულად ვდგავართ გამოწვევების წინაშე როგორც ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ასევე რუსეთისგან მომდინარე გამოწვევების წინაშე. ამ ყველაფრის პასუხად ჩვენ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს ვიყენებთ. მათ შორისაა ნატოს ძალების მეტი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთში, ამ ძალების შესაძლებლობების ზრდა და, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედებისთვის მათი მზაობა. ასევე კოლექტიური თავდაცვის ნაწილია ალიანსის აღმოსავლეთში მცირე ზომის შტატების შექმნა. ასე რომ, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან დასაპირისპირებლად ბევრს ვაკეთებთ.
შესაძლებელია რუსეთთან დიალოგი?
დიალოგი საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი "ცივი ომი". ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ძლიერი თავდაცვა დიალოგთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დიალოგი უნდა გაიმართოს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როგორიც იყო, მაგალითად, თურქეთში რუსული შვეულმფრენის ჩამოგდება. ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად მეტი გამჭვირვალობის და რისკების შემცირების მექანიზმებია საჭირო.
შეუძლია თუ არა ნატოს დაეხმაროს ევროპას მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში?
ნატო ევროპის კავშირს ეხმარება, ჩვენი მოკავშირეები თურქეთი და საბერძნეთი მონაწილეობენ მიგრანტების და ლტოლვილების კრიზისის მოგვარებაში. ეგეოსის ზღვაში ჩვენ გემები განვათავსეთ, მათი ფუნქცია მიგრანტების უკან მიბრუნება არ არის, ისინი ზღვაში მონიტორინგს ახორციელებენ და ინფორმაციას თურქ და ბერძენ მესაზღვრეებს, ასევე ევროპის-კავშირის საზღვრის დამცველებს უზიარებენ,
როგორია ნატოს მომავალი, გაფართოვდება ალიანსი?
ნატო წევრების მოწვევის პროცესშია. ალიანსმა მონტენეგროს მოწვევა გადაწყვიტა. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვასრულებთ. შემდეგი ეტაპი ეროვნული პარლამენტების მიერ ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების მხარდაჭერაა, ამ ყველაფრის შემდეგ ნატოს 29-ე წევრი შეუერთდება.
იგეგმება შემდეგი გაფართოვება?
ალიანსის უფრო მეტად გაფართოვება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ არის. ჩვენ ყოველთვის გვექნება ღია კარის პოლიტიკა და ყოველთვის ვითანამშრომლებთ პარტნიორ ქვეყნებთან. ნატოს ბევრი ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს.