ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლინკევიჩიუსი: ნატოს საკუთარი თავის ეშინია


ნატოს წვრთნები, იტალია, 2015
ნატოს წვრთნები, იტალია, 2015

„ჩვენ იქამდე მივედით, რომ საკუთარი თავის გვეშინია,“ აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე პოზიციას ინარჩუნებს. ის ამბობს, რომ ნატომ წარსულიდან გაკვეთილი უნდა ისწავლოს და საკუთარი მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგები გათვალოს.

ყველა ხომ კულტურულად არ იქცევა. ზოგიერთები ძალის გამოყენებით აკეთებს საქმეს. საქართველოს ტერიტორიების ანექსიაც სწორედ ასე მოხდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ამას დამატებითი შედეგები მოჰყვებოდა და მაშინ, სხვათაშორის, ყირიმზე, დნესტრისპირეთზე, სხვა გაყინულ კონფლიქტებზე ვსაუბრობდით.
ლინას ლინკევიჩიუსი

მინისტრმა შეცდომებზე საუბრისას 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა, რომელზეც საქართველოს და უკრაინას ალიანსმა სამოქმედო გეგმა არ შესთავაზა. ლინკევიჩიუსის აზრით, ამ გადაწყვეტილებამ რუსეთი წააქეზა და შედეგად, საქართველოში შეჭრა და მოგვიანებით ყირიმის ანექსია მოიტანა.

„ზოგიერთმა [ნატოს წევრმა] ჩათვალა, რომ ეს პროვოკაცია იქნებოდა. ზოგიერთ კოლეგას ეგონა, რომ ეს რუსეთისთვის სიგნალი იქნებოდა, რომ ჩვენ მათ ინტერესებს ვეცილებოდით. ეს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო,“ აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, ნატოს ზოგიერთ წევრს რუსეთის მიმართ არამართებული დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, რამდენიმე ქვეყანას 2008 წელს და მას შემდეგაც, მიაჩნდა, რომ მოვლენებისთვის ზუსტი სახელის დარქმევა, რუსეთის მიმართ მკაფიო გზავნილის გავრცელება პროვოკაცია იქნებოდა.

„ჩვენ იქამდე მივედით, რომ საკუთარი თავის გვეშინია. აქ საქმე რაიმე სახის აგრესიასთან ხომ არ გვაქვს?! მე პირადად, როცა ვსაუბრობ იმაზე, რომ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციებში, სწორედ 2008 წელს ვგულისხმობ. მაშინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმის გამო არ მივიღეთ, რომ არ გვინდოდა [რუსეთის] პროვოცირება,“ ამბობს მინისტრი.

არ მინდა ახლა ჩამოვთვალო სად რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით სადაა გაყინული კონფლიქტები, რომლებიც უბრალოდ გაღვიძების საკუთარ რიგს ელოდებიან
ლინას ლინკევიჩიუსი

ნატო, არა მხოლოდ საქართველოსთვის „მაპის“ მიცემასთან დაკავშირებით ფრთხილობს, არამედ საკუთარი წევრების მოთხოვნებსაც ხშირად რუსეთის ფილტრში ატარებს. მაგალითად, 2003 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწვრიანებიდან მალევე, მათ ნატოს მეხუთე მუხლის ფარგლებში სამხედრო წვრთების ჩატარების მოთხოვნა დაიწყეს. რუსეთის შესაძლო პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით ალიანსი ამ სახის სავარჯიშოების ჩატარებაზე უარს ამბობდა. 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა წვრთნების მოთხოვნა გაააქტიურეს. ნატომ წვრთნების ჩატარებაზე გადაწყვეტილება 2012 წელს, თავდაპირველი მოთხოვნიდან თითქმის 10 წლის შემდეგ მიიღო.

ლინას ლინკევიჩიუსი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლინას ლინკევიჩიუსი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლინკევიჩიუსის განცხადებით, ნატოს მიერ წვრთნების ჩატარების დაყოვნებამ, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის არმიცემამ და სხვა ბევრი მიმართულებით სიფრთხილის გამოჩენამ რუსეთს ანიშნა, რომ მას მოქმედება შეეძლო იმ ვაკუუმის ამოსავსებად, რომელსაც ნატო ტოვებდა. თუმცა, მისი თქმით, რუსეთი ნატოსგან გასხვავებული მეთოდებით მოქმედებს:

„ყველა ხომ კულტურულად არ იქცევა. ზოგიერთები ძალის გამოყენებით აკეთებენ საქმეს. საქართველოს ტერიტორიების ანექსიაც სწორედ ასე მოხდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ამას დამატებითი შედეგები მოჰყვებოდა და მაშინ, სხვათაშორის, ყირიმზე, დნესტრისპირეთზე, სხვა გაყინულ კონფლიქტებზე ვსაუბრობდით. ჩვენ [ნატომ] თუ ასე გავაგრძელეთ მოქცევა, სხვა გაყინული კონფლიქტებიც არსებობს, რომლებიც ნაბისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს,“ ამბობს ლინკევიჩიუსი.

ამ შეცდომებიდან ნატომ ვერაფერი ისწავლა, დასძენს მინისტრი. ერთადერთი მხარე, რომელიც ნატოს მოქმედებებზე დაყრდნობით გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა, რუსეთი იყო. მოსკოვმა გაიგო, რომ ასე მოქმედება შეუძლია; რომ შეუძლია მოახდინოს სახელმწიფოს ნაწილის ანექსია მისთვის მინიმალური უარყოფითი შედეგებით. მოგეხსენებათ, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე თვეში ურთიერთობები ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდა და 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, ეგრეთწოდებული, სარკოზის გეგმის, პირობებს რუსეთი დღემდე არ ასრულებს.

ჩვენ საკუთარ თავს არ უნდა ვადანაშაულებდეთ იმაში, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ეს ჩვენ არ გავაკეთეთ! მაგრამ იმით, რომ რაღაცეებზე თვალს ვხუჭავთ, ვივიწყებთ საკუთარ მოთხოვნებს, ვაწარმოებთ ამ, ეგრეთწოდებულ, არა-პროვოკაციულ პოლიტიკას, ხელს ვუწყობთ წაქეზებას. ჩვენ მოხდარში თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ, მაგრამ ვალდებულები ვართ პასუხისმგებლობა გავიზიაროთ!
ლინას ლინკევიჩიუსი

ლიტვის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ დღეს ევროპაში იგივე დამოკიდებულება შეინიშნება, რაც 2008 წელს იყო. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთს სანქციები მოეხსნას და ურთიერთობები კვლავ ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს.

„არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს ძალიან ხანმოკლე წარმატება იქნება. ჩვენ ისევ დავუბრუნდების ძველ სიტუაციას და მერე გაგვიკვირდება რატომ მოხდა სადღაც რაღაც. არ მინდა ახლა ჩამოვთვალო სად რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველამ ვიცით სად არის გაყინული კონფლიქტები, რომლებიც უბრალოდ გაღვიძების საკუთარ რიგს ელოდება.“

დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში, უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა შეხედულება, რომ რუსეთის აგრესია დასავლეთის ბრალია. შეხედულების მხარდამჭერები ასევე ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე დიდ საშიშროებადაა გაწერილი, ალიანსმა გაფართოების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს და არსებულ ფარგლებში გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა. ამ არგუმენტის მომხრეები რუსეთის საქართველოსა და უკრაიანში აგრესიას დასავლეთის მხრიდან რუსეთის ინტერესების უგულვებელყოფას აბრალებენ. ლინკევიჩიუსი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება:

„ჩვენ საკუთარ თავს არ უნდა ვადანაშაულებდეთ იმაში, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია! მაგრამ იმით, რომ რაღაცეებზე თვალს ვხუჭავთ, ვივიწყებთ საკუთარ მოთხოვნებს, ვაწარმოებთ ეგრეთწოდებულ, არა-პროვოკაციულ პოლიტიკას - რომელიც მე მიმაჩნია, რომ სწორედ პროვოკაციულია - ხელს ვუწყობთ წაქეზებას. ჩვენ მომხდარში თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ, მაგრამ ვალდებულები ვართ პასუხისმგებლობა გავიზიაროთ!“ აცხადებს მინისტრი.

პასუხისმგებლობის განაწილებაში ის იმას გულისხმობს, რომ ნატო პრობლემის გადაჭრაზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ უმოქმედობით ის პრობლემის ნაწილი ხდება. „არ ვიყენებთ ჩვენს გავლენას, რომლის გამოყენება არათუ შეგვიძლია, არამედ გვევალება. ამაში არაფერი აგრესიული არ იქნება, ეს ჩვენი თანმიმდევრულობის გაგრძელება იქნება,“ ამბობს ლინკევიჩიუსი.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერვიუ „ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქციამ ჩაწერა.

XS
SM
MD
LG