ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაკკეინი: საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს


საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს - აცხადებს ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი. "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მან შეერთებულ შტატებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. სენატორმა მაკეინმა ევროპაში მიგრანტების კრიზისზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზე, ამ კონფლიქტებში რუსეთის დომინანტურ როლსა და მოსკოვის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებზე ისაუბრა.

ჯონ მაკკეინი: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად მიმზიდველი ქვეყანაა მსოფლიოში, კეთილშობილი და შეუპოვარი ხალხით.

ამაყი ვიყავი, როდესაც მან საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობას მიაღწია. ახლა იქაური პოლიტიკური ვითარება მაღელვებს. ვიმედოვნებ, მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას, შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ობამას ადმინისტრაცია პირად თუ ოფიციალურ საუბრებში საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თუ დემოკრატიზაციის პროცესებში. რაც შეეხება მდგომარეობას უკრაინაში-ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ობამას ადმინისტრაცია თავს იკავებდა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. სხვა მოსაზრება აქვს სენატორ მაკკეინს. ის არ იზიარებს ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვითარებას გაართულებს. და მაინც, ცნობისთვის, განვლილი ორი წლის განმავლობაში ობამას ადმინისტრაციამ უკრაინის დასახმარებლად 260 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად.

ჯონ მაკკეინი: შეერთებული შტატები არცკი ფიქრობს, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდება. ამით ჩვენ ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელს ვწერთ და არ ვეხმარებით უკრაინას იმ დროს, როცა ვლადიმირ პუტინის მოქმედებით აღმოსავლეთი უკრაინა გამოუსწორებელ შედეგებს იმკის.

მე ორი წლის წინ მაიდანზე ვიყავი. სამწუხაროდ, მას შემდეგ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად არავითარი სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. არსებული ვითარება ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს. პირველად უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, სახეზეა ევროპული სახელმწიფოს დანაწევრება.

სენატორი ჯონ მაკკეინი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის პირობებში, შეერთებული შტატები გააქტიურდება. მისი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან დღეს უკრაინელები ამერიკისაგან თავს მიტოვებულად გრძნობენ.

სენატორმა აქვე მოიშველია ცოტა ხნის წინ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ ფილიპ ბრიდლოვის განცხადება, რომ “რუსეთი ევროპაში მიგრანტთა კრიზისის შეიარაღებას ახდენს” და ამით ფაქტობრივად მთელი ევროკავშირის დაშლას ცდილობს, რაც, სენატორის განცხადებით სულაც არ არის წარმოუდგენელი. “აშშ-მ, პირველად 1973 წლის შემდეგ, როცა ანვარ სადათმა რუსეთი ეგვიპტიდან განდევნა, ლიდერობის უნარობის არ ქონით, ფაქტობრივად, რუსეთს საშუალება მისცა ახლო აღმოსავლეთში თავი უპირატეს და გავლენიან პოზიციაში ეგრძნო. ამიტომაც, ახლა სირიაში უპირატესობა რუსეთს, ირანს, ჰეზბოლასა და იმ სხვადასხვა ძალებს აქვთ, რომლებიც დომინირებენ და იმკვიდრებენ საკუთარ პოზიციებს იმდენად, რომ ბაშარ ალ-ასადი, სავარაუდოდ, კარგა ხანს ხელისუფლებას არ ჩამოშორდება. სახეზე გვაქვს ერთერთი ყველაზე სერიოზული კრიზისი, რომლის მომსწრე აშშ-ი და ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გახდა. '

ჯონ მაკეინმა ეს კომენტარები ამერიკის ხმის სერბულ განყოფილებასთან გააკეთა.

XS
SM
MD
LG