ემიგრაციის მიმართ რუსების განწყობა, მნიშვნელოვნად, წლების განმავლობაში არ იცვლება. მოქალაქეების დიდი ნაწილი, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის წინააღმდეგია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ლევადას” მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ რუსების 61% ქვეყნის დატოვებაზე არ ფიქრობს. როგორც მკვლევარები ამბობენ, ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი 55 წლის და მეტი ასაკისაა.
გამოკითხულთა 7% ქვეყნიდან წასვლის მომხრეა. 10% კი უშვებს, რომ მომავალში საზღვარგარეთ იცხოვრებს. მათი ასაკი 18-დან 39 წლამდე მერყეობს. მიზეზად კი ქვეყანაში არსებულ უკანონობას და დაუცველობის განცდას ასახელებენ.
მკვლევარები დაინტერესდნენ რუსი ხალხის დამოკიდებულებით მათ მიმართ, ვინც რუსეთში ცხოვრებას, საზღვარგარეთ ცხოვრება ამჯობინა.
14%, რომელთა შორის მაღალი ასაკობრივი ჯგუფი ჭარბობს, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული რუსების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. 58% საკითხს ნეიტრალურად უყურებს. 28% კი, უმეტესად ახალგაზრდები, ყოფილი თანამემამულეების გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
სად მოგზაურობენ რუსები?
“ლევადას” მკვლევარები დაინტერესდნენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უმოგზაურიათ თუ არა საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეებს.
გაირკვა, რომ გამოკითხულთა 58%, მოცემულ პერიოდში, რუსეთის ფარგლებს გარეთ არ ყოფილა. საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, მხოლოდ გამოკითხულთა 20% იმყოფებოდა.
მათგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსი მოგზაურების 10% დასასვენებლად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ირჩევს. გამოკითხულთა 8% თურქეთში მოგზაურობს. ევროპის ქვეყნებს 6% სტუმრობს. 3% - ტაილანდს, 2% - ჩინეთს. გამოკითხულთა 1% კი სამოგზაუროდ აშშ-ში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ემიგრაციაში წასვლაზე უფრო მეტად ფიქრობენ მოსკოვში მცხოვრებნი, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ. მკვლევარები ამბობენ, რომ სწორედ მოსკოვში მცხოვრები მოქალაქეების დიდ ნაწილს ყავს ახლობლები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა.
Facebook Forum