“ეროვნული იდენტობა და სიამაყე”, - რუსული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია “ლევადას ანალიტიკური ცენტრი” სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. “ლევადა ცენტრი” ამ სფეროში, რუსეთში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძველი კომპანიაა.
რუსული ეროვნული იდენტობის, კოლექტიური სოლიდარობის საკითხებს, ქვეყნის ისტორიაში განვითარებული მოვლენების მიმართ რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულებებს “ლევადას ცენტრი” 80-იანი წლების მიწურულსაც იკვლევდა. მაშინ, კვლევით პროგრამას “საბჭოთა ადამიანი” ერქვა.
ორგანიზაციამ, იგივე საკითხებზე რუსეთის მოსახლეობაში ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვა 2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერშიც ჩაატარა. ცენტრმა 18 წლისა და მეტი ასაკის 1600 რესპონდეტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხა. “ლევადა ცენტრის” მეცნიერ-თანამშრომელი კარინა ფიფია აღნიშნავს, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში სიამაყეს, ძირითადად, კვლავ წარსული იწვევს.
რითი ამაყობს რუსი ხალხი?
გამოკითხულთა 87% “დიდ სამამულო ომში გამარჯვებით” ამაყობს. 50% - რუსეთის მიერ, “კოსმოსის ათვისებით”, 40% კი “დიდიდებული რუსული ლიტერატურით”.
თანამედროვე მნიშვნელოვან მოვლენათა შორის, გამოკითხულთა 45% საამაყოდ “ყირიმის დაბრუნებას” მიიჩნევს. 36% “რუსული შეიარაღებით” ამაყობს, 18% კი “ვლადიმირ პუტინით” - ისინი ფიქრობენ, რომ პუტინის მმართველობის პირობებში ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა.
გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას, მკაცრად უარყოფითი რეაქცია აქვს რუსეთის მიერ, იაპონიისთვის “კურილიის კუნძულების შესაძლო გადაცემაზე”, - მსგავსი პერსპექტივის თუნდაც მხოლოდ საჯარო განხილვების მიმართაც კი.
გამოკითხულთა 1% ფიქრობს, რომ “რუსეთს საამაყო არაფერი აქვს”.
რის გამო რცხვენია რუს ხალხს?
“ლევადას ცენტრის” მეცნიერ-თანამშრომელი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, რუსეთი მოსახლეობის სრული უმეტესობის ყურადღება თანამედროვე პრობლემურ საკითხებზეა კონცენტრირებული. როგორიცაა, - სიღარიბე, მწვავე სოციალური პრობლემები, სახელმწიფო ინსტიტუტები.
გამოკითხულთა 61%-ს “მუდმივი სიღარიბის" რცხვენია. თუმცა მიაჩნიათ, რომ რუსეთი უმდიდრესი ქვეყანაა. 37% სირცხვილს განიცდის, “ამორალურობის, სიხარბის, ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობის” გამო. 24%-ს რცხვენია იმის გამო, რომ რუსეთი “დასავლეთს ჩამორჩება.”
45%-ს სამარცხვინოდ მიაჩნია “საბჭოთა კავშირის დაშლა”. ეს მაჩვენებელი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია, წინა წელთან შედარებით კი 12 პროცენტით არის გაზრდილი.
“ვლადიმერ პუტინის მმართველობის გამო” 9%-ს რცხვენია. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 8%-თ არის გაზრდილი.
გამოკითხულთა 6%-ს მიაჩნია, რომ “რუსეთს სამარცხვინო არაფერი აქვს”.
Facebook Forum