დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სალისბურიში “სკრიპალების მოწამვლის” საქმეზე რუსეთში ერთობიან. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსა და სავაჭრო ცენტრებში ახალი სამაგიდე თამაში “ჩვენები სალისბურიში” გამოჩნდა.
სამაგიდე თამაში $1.83 ღირს, სათამაშოდ კი საჭიროა გამოიცნო რუსი ჯაშუშების სერგეი მიშკინისა და ანატოლი ჩეპიგას გადაადგილება მოსკოვიდან ევროპაში.
თამაშმა, თემის აქტუალუარობისა და ფასის გამო, პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.
ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია გასული წლის მარტში ბრიტანეთის ქალაქ სალისბურიში, რუსეთში შექმნილი ქიმიური იარაღი “ნოვიჩოკით” მოწამლეს. რამდენიმე თვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, სკრიპალების გადარჩენა მოხერხდა. მათი ადგილსამყოფელი ამჟამად გასაიდუმლოებულია.
მომხდარის გამო კრემლი გასულ წელს სკანდალში გაეხვა. პრობლემები შეექმნათ რუს დიპლომატებსაც, არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მომხდარის გამო ათობით რუსი დიპლომატი სხვადასხვა ქვეყანამ გააძევა.
რუსეთი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ მათ მომხდართან კავშირი არ ჰქონდათ. ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს და ოფიციალური ლონდონი ცილისწამებაში დაადანაშაულეს.
Facebook Forum