უკრაინის ენერგომომსახურების ოპერატორის განცხადებით, ზამთრის რთული ამინდების გამო, ქვეყნის 1 000-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა. 9 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საუბარია უკრაინის 9 რაიონზე.
"უკრენერგომ" მოუწოდა მოსახლეობას, მაქსიმალურად დაზოგონ ენერგია, რადგან უკრაინის ენერგეტიკული სისტემა დასუსტებულია რუსეთის იერიშების გამო და ისედაც შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. ამ კვირაში ელექტროენერგიის მოხმარებამ პიკს მიაღწია, რადგან ქვეყნის ბევრ ნაწილში ტემპერატურა დაახლოებით მინუს 15 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.
„მოხმარების დონე ქვეყნის მასშტაბით კვლავ მატულობს, ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნის გამო“, - აცხადებს "უკრენერგო" სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე". მაგალითად, 9 იანვარს დილით, "ყინვისა და ძლიერი ქარების ფონზე, ელექტროენერგიის მოხმარება 5.8%-ით მეტი იყო, ვიდრე - წინა დღეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ვიტალი კიმის, მიკოლაივის გუბერნატორის თქმით, მათთან ელექტროსადენებზე ყინულის სისქე ბევრგან 5 სანტიმეტრზე მეტი იყო. მიკოლაივში ამჟამად 215 ქალაქი და სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
"უკრენერგო" ასევე იტყობინება ელექტროსადენების დაზიანების შესახებ დონეცკის, ხარკივის და ხერსონის სხვადასხვა რაიონში. ეს ტერიტორია ფრონტის ხაზთან ახლოსაა და საარტილერიო დაბომბვების გამო, ბევრგან დაზიანებების შეკეთებაც რთულდება.
Facebook Forum