ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი კვლავ უკრაინის ქალაქებს ბომბავს


კიევი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2 იანვარი, 2024
კიევი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2 იანვარი, 2024

რუსეთი უკრაინას კვლავ რაკეტებითა და დრონებით უტევს. უმთავრესი სამიზნე ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიევი და ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ხარკოვი აღმოჩნდა. სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ათობით ადამიანი კი დაიჭრა, დიდია მატერიალური ზიანიც.

უკრაინაში უკვე მესამე დღეა საჰაერო განგაშის სირენები არაერთ ქალაქში ისმის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მანამდე აცხადებდა, რომ დეკემბრის ბოლოს რუსულ ქალაქ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის დროსაც რუსული მედიის ცნობით, 25 ადამიანი დაიღუპა, "დაუსჯელი არ დარჩება".

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში ერთ-ერთი რაკეტის ნაწილებმა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლთან მიწაში რამდენიმე მეტრის სიღრმის კრატერები გააჩინა. მისი თქმით, ადგილზე 43 ადამიანი დაშავდა, ერთი დაშავებული ასაკოვანი ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მაშველები ამბობენ, რომ ცხედარი იპოვეს დაზიანებული შენობის მერვე სართულზეც. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "რუსეთი ყველა სიცოცხლეზე აგებს პასუხს".

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დეკემბრის ბოლოს საჰაერო იერიშები გაააქტიურა. 29 დეკემბერს მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო თავდასხმა მოხდა, რომელმაც 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კიევის მერი ამბობს, რომ ბოლო თავდასხმამ ერთ-ერთ უბანში გაზის მილსადენი დააზიანა, ასევე, ზოგიერთ უბანში შეფერხებულია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაც.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე რეგიონების ნაწილს.

XS
SM
MD
LG