ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი სამხედრო მობილიზაციის საკითხს განიხილავს


უკრაინის პრემიერ მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კიევმა ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს პაკეტის ბოლო ტრანში, 1,5 მილიარდი ევრო მიიღო, იმ ფონზე როცა სხვა დასავლური დახმარების ბედი ეჭვქვეშ რჩება.

"დღეს ჩვენ მივიღეთ ბოლო 1,5 მილიარდი ევრო, 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტიდან. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა გაგრძელდება“, - თქვა შმიჰალმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე 21 დეკემბერს.

შმიჰალმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ თქვა, რომ დამატებით 88,5 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად, რადგან რუსეთი მიზნად ისახავს ამ ინფრასტრუქტურის განადგურებას, ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

გერმანიამ ეს ნაბიჯი იმ ფოზნე გადადგა, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება აშშ-ის შემდგომი დახმარება უკრაინისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს დაამტკიცოს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. თუმცა, რესპუბლიკელების ნაწილი დახმარებას საზღვრის უსაფრთხოების უფრო მკაცრ კანონებს უკავშირებს იმიგრანტების ნაკადის შესამცირებლად და თეთრი სახლისგან დათმობებს ითხოვს დახმარების დამტკიცებამდე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები შეასრულებს თავის დაპირებას და კიევს დაეხმარება.

20 დეკემბერს სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოპოლში რუსული საარტილერიო ცეცხლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 21 დეკემბერს.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია უკრაინაში რუსული დრონებით მიტანილი კიდევ ერთი თავდასხმის შემდეგ გავრცელდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 21 დეკემბრის გამთენიას ჩამოაგდო ირანული წარმოების 35 დრონიდან 34, რომლებიც რუსეთმა 12 რეგიონში, მათ შორის კიევში გაუშვა.

„ოცდათოთხმეტი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში. „საზენიტო თავდაცვა აქტიური იყო კიევის, დნიპროპეტროვსკის, ვინიცის, ჩერკასის, ხერსონის, ზაპორიჟიეს, მიკოლაივის, ხმელნიცკის, სუმის, პოლტავას, ჩერნიჰივისა და კიროვოგრადის რეგიონებში“, - დასძინეს სამხედროებმა.

2022 წლიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ირანული შაჰედის 3700 დრონიდან 2900-ის ჩამოგდება შეძლეს, განაცხადა 21 დეკემბერს, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა.

19 დეკემბერს ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის არმიამ წარადგინა წინადადება 500 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გაწვევის შესახებ, მაგრამ დასძინა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია მხარი დაუჭიროს თუ არა ამ ინიციატივას.

ასეთი ნაბიჯი გამიზნული იქნება უკრაინული ძალების შესავსებად. კიევი, რომელმაც რუსეთის შეჭრის შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, მთელი ომის განმავლობაში რეგულარულად იწვევდა ხალხს ჯარში.

უკრაინა არ ავრცელებს დეტალებს ჯარის ამჟამინდელი რაოდენობის შესახებ, მაგრამ მანამდე გავრცელებული ცნობებით, უკრაინას დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ჰყავს, საკუთარ რიგებში. რუსეთმა გააფართოვა თავისი არმია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ აპირებს ჯარის გაზრდას 1,5 მილიონამდე.

XS
SM
MD
LG