რუსეთის ოპოზიციის დაკარგული აქტივისტვის, ილჰამ იანბერდინის პირადი ნივთები ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ტყეში იპოვეს. იანბერდინი უკვე კვირაზე მეტია რაც გაუჩინარდა.
დაკარგული აქტივისტის მეგობრებმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ ნაპოვნია ილჰამის ქურთუკი, პიჯაკი, სვიტრი და მობილური ტელეფონი. ნივთები სამოქალაქო პირებმა იპოვნეს. ისინი რამდენიმე დღე დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტანსაცმელი დაკეცილი და ტელეფონთან ერთად პარკში ჩადებული ნახეს.
აქტივისტის ცოლი რასმინა ამბობს, რომ მისი მეუღლე 11 ოქტომბრის შემდეგ გაუჩინარდა. ის იმ დღეს საპროტესტო აქციაზე უნდა მისულიყო და არ გამოჩენილა. ამ დღის შემდეგ მას არც სატელეფონო ზარებისთვის უპასუხია.
ცოლი ამბობს, რომ მან პოლიციას 15 ოქტომბერს მიმართა. ტყეში აღმოჩენილი ნივთებიც, პოვნისთანავე პოლიციას გადასცეს.
41 წლის აქტივისტი, ცნობილი იყო თავისი ოპოზიციური საქმიანობით. ის რამდენჯერმე იყო დაკავებული არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის.
15 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც იანბერდინი უკვე დაკარგული იყო, პოლიციამ მას და მის ორ თანამებრძოლს ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა იმ ხარჯების ასანაზღაურებლადაა გათვლილი, რომლებიც პოლიციამ შაბათ-კვირას, ნავალნის მომხრეთა აქციაზე მუშაობისას იანრვის თვეში გასწია.
ამ დრომდე დაკარგული აქტივისტის შესახებ სხვა სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Facebook Forum