ცოტა ხნის წინ ჰამასმა თელავივზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით, არიან როგორც დაშავებულები, ასევე დაღუპულები. დეტალური მონაცემები ამ დრომდე არ ვრცელდება. თელავივსა და მის შემოგარენში მცხოვრები ადამიანები "ბუნკერებში" არიან გადაყვანილები. საპასუხო იერიში ჰამასზე მიიტანა ისრაელმაც. დაბომბილია რამდენიმე შენობა.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციისთვის დიპლომატებს გზავნის. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა. ბლინკენის გადაწყვეტილებით ისრაელში უკვე გაემგზავრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე. მოლაპარაკებების პროცესი კი ხუთშაბათს დილიდან დაიწყება.
"ვითარება შემაშფოთებელია. ინფორმაციას ყოველწუთიერად ვიღებთ. ჩემი გადაწყვეტილებით რეგიონში უკვე გავგზავნეთ დიპლომატები რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ისრაელსა და პალესტინელებს შორის რათა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა,"- თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამერიკა გმობს ჰამასის ქმედებებს და მოუწოდებს მხარეებს ცეცხლი შეწყვიტონ, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი.
"გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის სარაკეტო შეტევებს, რაც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი. პალესტინელებს აქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია შევაჩეროთ ძალადობა და დავიწყოთ მუშაობა დეესკალაციისთვის,"- თქვა ბლინკენმა.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ "ახლა დეესკალაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
ამერიკის სახელმწიფო მდივანთან საუბრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. ის ამბობს, რომ ისრაელი ჰამასის ქმედებებს პასუხს გასცემს.
"ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მათ ისე დავარტყამთ, როგორც არასდროს,"- თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
უფრო ვრცლად წინა დღეებში განვითარებულ პროცესებს გაეცანით აქ:
Facebook Forum