ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი საჰაერო იერიში - ახლო აღმოსავლეთში ვითარება რთულდება


ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მესამე დღეა ისრაელსა და პალესტინელებს შორის საჰაერო იერიშები მიმდინარეობს. დილიდან ისრაელმა ღაზის სექტორის მისამართით ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით დაღუპულია 53 ადამიანი. როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, იერიში ჰამასზე მიიტანეს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა შორის კი არიან ბავშვები. არსებული ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო იერიშის დროს ჰამასის ოფისების ნაწილი გაანადგურა, იერიშის დროს განადგურდა ჰამასის ლიდერების საცხოვრებელი სახლებიც. ისრაელის ცნობით, მათ ჰამასის 16 წევრის ლიკვიდაცია შეძლეს.

მანამდე, სანამ ისრაელი ცეცხლს გახსნიდა, ჰამასმა თელ-ავივზე იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით, ჰამასმა ისრაელის მისამართით 1000-ზე მეტი რაკეტა მიმართა. ისრაელის თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა" ათობით რაკეტის განადგურება მანამ შეძლო, სანამ ისინი მიზანს მიაღწევდნენ, თუმცა იერიში იმდენად მასშტაბური იყო, რომ რაკეტების ნაწილი თელ-ავივსა და მის შემოგარენში ჩამოცვივდა. ისრაელის მხარეს ამ დაბომბვების გამო 5 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დამოუკიდებლად მონაცემების გადამოწმება ამ დრომდე შეუძლებელია, ცნობებს ისრაელის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.

თელ-ავივზე ჰამასის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის იყო წარმოშობით ინდოელი, სომია სანტოში. რომელიც ისრაელში მეუღლესათან და 9 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა. სანტოში თავდასხმის დროს ქალაქ აშკელონში იმყოფებოდა.

აშშ-ის პოზიცია

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ პირველივე დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა განცხადება და მკაცრად დაგმო ჰამასის ქმედებები, რაც ისრაელზე საჰაერო იერიშს შეეხებოდა. ბლინკენმა მხარეებს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა. განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც, სადაც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჰამასის და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევები მკაცრად დაგმო. ჯენ ფსაკის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს ისრაელს და მის უსაფრთხოებას.

საგანგებო სხდომა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე შესაძლოა გაეროში უშიშროების საბჭო შეიკრიბოს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ნიუ-იორკში დღეს უნდა შედგეს. სხდომაზე მხარეები იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ რეგიონში დაპირისპირება შეწყდეს.

თურქეთი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებს ოფიციალური ანკარა ამ დრომდე არ გამოხმაურებია. თუმცა, სტამბოლში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ისრაელის დროშები დაწვეს და პალესტინელებს მხარი დაუჭირეს.

რა გახდა დაძაბულობის გაღვივების მიზეზი?

დაძაბულობა მაშინ გართულდა, როდესაც ორშაბათს, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის სიახლოვეს, პალესტინელ მლოცველებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. თვითმხილველების თქმით, უსაფრთხოების ძალებმა მეჩეთში ცრემლსადენი გაზი შეუშვეს და გამაყრუებელი ყუმბარები ისროლეს, მლოცველებმა კი ისრაელის ძალებს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა, მათ შორის 228 ადამიანი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მეორეს მხრივ, ისრაელი ავრცელებს ცნობებს, რომ პალესტინელ მლოცველებთან, ადგილზე ორგანიზებული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებიც მიზანმიმართულად მეჩეთიდან ისროდნენ ქვებს პოლიციის წინააღმდეგ. კონტროლის აღდგენის მიზნით კი ისრაელის პოლიციამ ტერიტორია სრულად გაწმინდა.

სწორედ ამის შემდეგ, ჰამასმა ულტიმატუმის ვადა დააწესა. დაჯგუფება ითხოვდა, რომ ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებს დაეტოვებინათ. ულტიმატუმი არ შესრულდა, ამიტომ ორშაბათს საღამოს 6 საათზე ჰამასმა ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სარაკეტო იერიშს პირველ დღეს 2 ადამიანი ემსხვერპლა და ათამდე დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG