საქართველოში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების - წითელას ეპიდემიოლოგიური აფეთქებაა. წლის დასაწყისიდან უკვე 374 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველაზე რთული ვითარება აჭარის რეგიონშია (226 დაავადებული), შემდეგ მოდიან სამეგრელო (49), თბილისი (40), იმერეთი (23), გურია და ქვემო ქართლი (12-12). ამ დროისთვის წითელათი დაავადებულთა 57% 14 წლამდე ბავშვია, 40% კი 15-დან 40 წლამდე პირი.
ვინაიდან წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, იოლად ვრცელდება ჰაერით (ხველება, ცემინება) საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) დაავადებულთა რიცხვის მატებას პროგნოზირებენ. სპეციალისტთა განმარტებით, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ის პირები, რომლებსაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება, გამოტოვებული აქვთ თუნდაც ერთი აცრა ან წითელას ვაქცინით არასოდეს აცრილან.
ეპიდემიოლოგი, პროფესორი პაატა იმნაძე ამბობს, რომ წითელას მორიგი ეპიდაფეთქება საქართველოში მოსალოდნელი იყო, ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით, როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებსა და მოზრდილებში დიდი ჯგუფი დაგროვდა, რომელსაც წითელას მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნიათ:
საქართველოს მოსახლეობის 20-25 წლის ასაკის მოქალაქეთა 12% და 40 წლამდე მოქალაქეთა 10% არაიმუნური პირია ანუ წითელასადმი იმუნიტეტი არ გააჩნია. წითელა კი ჰაერით ძალიან ადვილად ვრცელდება ანუ ეპიდაფეთქებისთვის სამწუხაროდ ნოყიერი ნიადაგი გვაქვს“პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
„დღეს ჩვენთან გვაქვს წითელას არატიპიური ეპიდაფეთქება, როდესაც დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოზრდილია. ეს კატეგორია ბავშვი როცა იყო, მაშინ ან არ იყო ვაქცინა, მოშლილი იყო იმუნიზაციის სისტემა ან სხვა მიზეზით არ აიცრნენ.
ჩვენი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 20-25 წლის ასაკის მოქალაქეთა 12% და 40 წლამდე მოქალაქეთა 10% არაიმუნური პირია - ანუ წითელასადმი იმუნიტეტი არ გააჩნია. მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, წითელა კი ჰაერით ძალიან ადვილად ვრცელდება ანუ ეპიდაფეთქებისთვის სამწუხაროდ ნოყიერი ნიადაგი გვაქვს“, ამბობს იმნაძე.
საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები 1968 წლიდან დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირში წითელას ეპიდემია ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი დაავადება იყო, მაშინ მხოლოდ ერთი აცრა კეთდებოდა. წითელა-წითურას ეპიდემიამ მეორედ საქართველოში 2004-2005 წლებში იფეთქა: 14500-მდე პირი დაავადდა და 9 ადამიანი დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (MMR) გეგმიური იმუნიზაციის დანერგვა მოჰყვა.
2004 წლიდან ეს ვაქცინა ბავშვებს პირველად ერთი წლის, განმეორებით კი ხუთი წლის ასაკში უფასოდ უკეთდებათ. პარალელურად სახელმწიფო 41 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქის ვაქცინაციასაც აფინანსებს.
ვინაიდან ბევრმა მშობელმა არ იცოდა, (და დღემდე არ იცის) რომ ერთი აცრა პატარას მხოლოდ 85%-ით იცავს, ორი აცრა კი 98%-ით, 2013-2015 წლებში საქართველოში კიდევ ერთმა ეპიდემიამ იფეთქა. წითელათი დაავადებული 11000 ადამიანიდან 4 დაიღუპა.
ეპიდემიოლოგების აზრით, საქართველოში წითელას პერიოდული ეპიდაფეთქებები ერთი მხრივ, 1990-იან წლებში იმუნიზაციის პროგრამის დიდ ჩავარდნას უკავშირდება, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით არასრულად აცრილი არაიმუნური პირები დაგროვდა, რომლებიც უკვე მოზრდილ ასაკში ავადდებიან; მეორე მხრივ კი ქვეყანაში არაიმუნური ფენის გაზრდა, უმცროსი ასაკის ბავშვების, გეგმიური ვაქცინაციით არასათანადო მოცვამ გამოიწვია.
2008 წელს, საქართველოში 6-დან 27 წლის ასაკის ერთი მილიონი ადამიანის MMR-ის აცრის პროგრამა იყო დაგეგმილი, თუმცა ვაქცინაციისადმი უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობებისა და აგვისტოს ომის გამო, მაშინ 500 000 ადამიანის აცრა მოხერხდა.
თავი და თავი ამ რთული პრობლემის, ქართულ საზოგადოებაში აცრების მიმართ დღემდე არსებული გაუთვიცნობიერებელი შიში და კარგად „შეფუთული“ მითებია, რომ თითქოს ვაქცინაცია ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ყველაზე ცნობილი მითი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმიურ იმუნიზაციას უდიდესი ზიანი მიაყენა, ინგლისელ მეცნიერ ენდრიუ უეკფილდს ეკუთვნის. 1998 წელს, მან ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ამტკიცებდა რომ თითქოს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა აუტიზმს იწვევდა.
ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძის თქმით, ბოლო 20 წელიწადში არაერთხელ დამტკიცდა, რომ ამ კვლევას და მის ავტორს მეცნიერებასთან და მედიცინასთან არაფერი აკავშირებს:
ამ ყალბი კვლევის გამოაშკარავებას მოჰყვა ის, რომ ეს ადამიანი დიდი ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციიდან გარიცხეს და ექიმობა აუკრძალეს, პლუს ამას კარგა ხნის მანძილზე სასამართლოში ჰქონდა საქმე და ბრიტანეთიც დატოვებაც მოუხდა"პაატა იმნაძე
„ამ ყალბი კვლევის გამოაშკარავებას მოჰყვა ის, რომ ეს ადამიანი დიდი ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციიდან გარიცხეს და ექიმობა აუკრძალეს. ჰქონდა სასამართლო დავა და ბრიტანეთის დატოვებაც მოუხდა. მსოფლიო მედიცინის ისტორიაში არ მახსენდება შემთხვევა, როცა ასეთმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა კვლევა ამოიღო და ბოდიში მოიხადა. თუმცა, უეკფილდის სიცრუის "ვირუსულ" შედეგებს ევროპასა და აშშ-ში ახლა იმკიან.“
უეკფილდის ყალბ კვლევას შედეგად მასობრივი პანიკა მოჰყვა და 2001-2003 წლებში, წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის გამოყენება მთელ მსოფლიოში 80%-ით შემცირდა, ამან როგორც ევროპის, ისე ამერიკის კონტინენტზე არაიმუნური ფენა და წითელას ეპიდემიების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წელს ევროპის კონტინენტზე წითელათი დაავადების რიცხვმა რეკორდულად, ოთხჯერ მოიმატა (5273-დან 21315-მდე) და სამწუხაროდ, 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
2018 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს გარდა, წითელას დიდი ეპიდაფეთქებაა უკრაინაში, ინგლისში, საბერძნეთში, იტალიაში, რუმინეთში, სერბეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ წითელა ძალზედ საშიში დაავადებაა, რომელსაც არაერთი გართულება ახლავს, თვით ლეტალური შედეგის ჩათვლით.
NCDC-ში გვირჩევენ, რომ აუცილებლად გადავამოწმოთ ჩვენი და ჩვენი შვილების აცრის სტატუსი და აცრების ჩასატარებლად დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.