ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წელიწადში ათასი ახალშობილის გადარჩენის გზა საქართველოში


„თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ ათასი ბავშვი გადარჩება“ - ჯონ ბაიერლი.

საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ ვაშინგტონში როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლები მიიღო. ფონდი ორ ათეულ წელზე მეტია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოში ბავშვთა ჯანდაცვის პროგრამების დანერგვაზე და მათ წარმატებით განხორციელებაზე ზრუნავს.

90-იან წლებში როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის ინიციატივით ამუშავდა იმუნიზაციის პროგრამები, მოგვიანებით დაიწყო ორსულთა სკრინინგი აივ ინფექციაზე, ჩატარდა B ჰეპატიტის, ჰიპერთირეოზის და სხვა მრავალი დაავადების საპროფილაქტიკო სამუშაოები. აღნიშნული პროგრამების უმრავლესობა დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.

ამჯერად ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ეიმოსი თბილისის მასშტაბით ასევე წარმატებით ამოქმედებული ახალშობილთა დიაგნოსტირების პროგრამის სხვადასხვა რეგიონში, ჯერ ქართლში, შემდეგ აჭარაში და საქართველოს სხვა დანარჩენ კუთხეებში გაფართოებას გეგმავს. საუბარია ახალშობილთა ადრეული სკრინინგის პროექტზე გულის თანდაყოლილი მანკების აღმოჩენის, მათ შორის კრიტიკული ფორმების დროული გამოვლენის და მკურნალობის მიზნით. პროგრამა წელიწადზე მეტია თბილისის ყველა სამშობიაროში დაიწყო, დასრულებულია ექიმ-ნეონატოლოგების და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმთა გადამზადება და დღეს შესაბამისი ანალიზი დედაქალაქში დაბადებულ ყველა ბავშვს უკეთდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაავადების გამოვლენა ახალშობილის დაბადებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში მოხდეს. რადგან, თუ ინტერვენციაა საჭირო, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. ბავშვები ხშირად სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებიან და თუკი პირველივე დღეებში ზოგიერთი კრიტიკული ფორმის დიაგნოსტირება გამოგვეპარა, ისინი მოგვიანებით იღუპებიან, ან ხშირად მათ მთელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით ყოფნა უწევთ.

პროგრამა თბილისში 2014 წლის ივნისში დავიწყეთ და ჩვენს მიერ დანერგილი პროგრამით უკვე 31 ათასზე მეტი ბავშვის გასინჯვა მოხდა. ამ ერთი წლის მანძილზე დაახლოებით 25 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ახალშობილს მკურნალობა წარმატებით ჩაუტარდა და 80-ზე მეტ საშუალო სიმძიმის დაავადების მქონე ბავშვსაც დროული დახმარება აღმოუჩინეს - ამბობს უილიამ ეიმოსი.

მისი თქმით, დიაგნოსტიკური პროცედურის შემდეგ, დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, ახალშობილთა ჰოსპიტალიზება და ზოგჯერ გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებაც არის აუცილებელი. ამ ნაწილს, როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ნებისმიერი ახალშობილისთვის უფასოდ უზრუნველყოფს.

ჯონ ბაიერლი, ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრია. ის იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში, პროგრამის მთელი საქართველოს მასშტებით დანერგვის შემთხვევაში, ისინი წლიურად ათასი ჩვილი ბავშვის გადარჩენას შეძლებენ, რაც საქართველოში არსებული ახალშობილთა მაღალი სიკვდილიანობის მონაცემების და დემოგრაფიული პრობლემების ფონზე ძალზე იმედისმომცემად გამოიყურება:

„პროექტის მიზანი საქართველოში დაბადებული პატარების სიცოცხლის გადარჩენა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებაა. ჩვენ გვაქვს საუშუალება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დროულად აღმოვაჩინოთ გულის ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება, რომელიც მათ დაღუპვით ემუქრება. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ ათასი ბავშვი გადარჩება“ - ამბობს ის.

თამარ ჭელიძის, შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის განმარტებით, ამ ეტაპზე როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის წარმომადგენლები ქართლში პროგრამის ამოქმედების მიზნით, დამატებითი ფონდების მოზიდვას ცდილობენ. მათი დიდი სურვილია, რომ საქართველო მთელ რეგიონში ამ ტიპის გამოცდილების მხრივ ერთგვარი მოდელი, სანიმუშო ქვეყანა გახდეს, სადაც აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ტრეინინგებს ჩაუტარებენ და ოპერაციებს მათ ახალშობილ პაციენტებსაც გაუკეთებენ.

„რა თქმა უნდა, ასეთი საქველმოქმედო პროექტები ყოველთვის დაკავშირებულია თანხების მოძიებასთან. ეს შეიძლება ძალიან ძვირი არ ჯდებოდეს, ქართლში პროგრამის დანერგვისთვის საუბარია 20 ათას ამერიკულ დოლარზე. ასე თუ ისე, საჭიროა თანხების მოძიება და ჩვენც შევიკრიბეთ დღეს აქ იმისთვის, რომ ამერიკაში მოღვაწე ქართველები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ, ექიმები, ბიზნესმენები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სხვები, რომ უკეთ გაეცნონ ამ პროგრამას და შემდეგ გაავრცელონ ინფორმაცია შესაბამის წრეებში, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს პროექტის შესახებ და სურვილის მიხედვით გაიღოს კონტრიბუცია“ - ამბობს ღონისძიების მასპინძელი არჩილ გეგეშიძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში.

როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის რამდენიმე ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოა. ფონდის გლობალური მასშტაბით მოქმედი პროგრამების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ვაქცინაცია დაახლოებით 10 მილიონ ბავშვს უტარდება და B ჰეპატიტის, თუ აივ ინფექციის სკრინინგის პროგრამებში მილიონზე მეტი ორსული ქალი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG