თბილისში მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურმა რეფერალურმა ლაბორატორიამ - CPHRL, რომელიც ამერიკის მთავრობის 100 მილიონიანი ინვესტიციით აშენდა.
საქართველოს დედაქალაქის გარეუბანში უნიკალური კვლევითი ცენტრი რვა ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდა, ლაბორატორიას გააჩნია ადამიანებისა და ცხოველთა დაავადებების კვლევებისა და დიაგნოსტიკისათვის ულტრათანამედროვე საშუალებები; პათოგენთა საცავი საქართველოს ენდემური პათოგენების საცნობარო შტამებისათვის და ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის შესაძლებლობა.
ლაბორატორია ერთადერთია კავკასიის რეგიონში და ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული რეგიონალური ცენტრის ფუნქცია უნდა იტვირთოს.
ახალი ლაბორატორიის დირექტორად ანა ჟვანია დაინიშნა, რომელიც მანამდე საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა, მათ შორის მუშაობდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად. ანა ჟვანია ამბობს:
„ადამიანი სულ უფრო დაუცველი ხდება. ამიტომ ეს ლაბორატორია უნიკალური არის იმითი, რომ ყველანაირ კვლევით მეთოდს ერთად უყრის თავს და ამბობს, რომ მე ვიმუშავებ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით. ანუ უბრალოდ საერთაშორისო რაღაცა სტანდარტი, რომელიღაცა ქვეყნის ეს არ არის ის ამბიცია, რომელიც ჩვენ გვაქვს.“
საქართველოში ლაბორატორიის გახნის იდეა 2004 წლის სექტემბერში, თბილისში გავლენიანი ინდიანელი სენატორის, რესბუბლიკელი რიჩარდ ლუგარის სტუმრობის დროს დაიბადა.
ლაბორატორიის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო, თავდაპირველად ამერიკის მთავრობამ 15 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა საბოლოოდ ეს თანხა 95 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ლაბორატორიის მშენებლობა „ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის“ ნაწილად განიხილებოდა, ეს პროგრამა ასევე ცნობილია, როგორც „ნან ლუგარის“ საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამერიკაში 1992 წელს მიიღეს. ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერი ამბობს:
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მივიღე სენატორ რიჩარდ ლუგარის დავალებით. ეს იდეა ექვსი წლის წინ გაჩნდა და მაშინვე განისაზღვრა ამ ლაბორატორიის მთავარი მიზანი.
ეს დაწესებულება უნდა გახდეს ცენტრი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიოში დაავადებათა კვლევების, აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის მიმართულებით.“
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბიოლაბორატორიის შექმნაში აქტიურად იყო ჩაბმული ამერიკის თავდაცვის უწყება. ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ხაზს უსვამს, რომ ლაბორატორიას მკაფიოდ არასამხედრო მიზნები გააჩნია.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ლაბორატორია აქტიურად ითანამშრომლებს ტაილანდსა და კენიაში მდებარე ანალოგიურ ცენტრებთან, რომლებიც ასევე ამერიკის დახმარებით გაიხსნა.
ლაბორატორია დაეხმარება საქართველოს ჯანმრთელობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს ისეთი დაავადებების პროგნოზირებასა და რეაგირებაში, როგორებიც გრიპი, ჰემორაგიული ცხელება და ღორის აფრიკული ჭირია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანი ამბობს:
„ზოგიერთი დაავადების მხრივ საქართველო არის ენდემური კერა. ჩვენთან არის ჯილეხის, ბრუცელოზის შემთხვევები, რომლებიც საკმაოდ სერიოზული დაავადებებია. მათ შესაბამისი დიაგნოსტიკა სჭირდებათ.
ეს ეხლაც საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება, თუმცა ეს ლაბორატორია მოგვცემს საშუალებას, რომ დიაგნოსტიკა პირველ რიგში და შემდეგ რეაგირება ამ დაავადებებზე ძალიან სწრაფად განხორციელდეს და შესაბამისად სერიოზულად შეამციროს დაავადების გავრცელების საფრთხე.
თბილისის კვლევითი ცენტრი დაგეგმილია, როგორც რეგიონალური ლაბორატორია კავკასიის მაშტაბით და ასევე, სავარაუდოდ მის გარეთაც. ლაბორატორია განიხილება, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საკოლაბორაციო ცენტრი, როგორც დაავადებათა ეპიზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა.
ეს გულისხმობს, როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემების კვლევას, იმ დაავადებების დიაგნოსტიკას, რომელიც ადამიანების და ცხოველებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ლაბორატორია ასევე იქნება ძალიან დიდი კვლევითი ცენტრი, რომელშიც საერთაშორისო დონის კვლევები სხვადასხვა მიმართულებებით განხორციელდება.“
ლაბორატორიაში 150 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქართველი და ამერიკელი მეცნიერები. სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო კი ინტერნაციონალური შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.
ცენტრის მუშაობას ერთობლივად აფინანსებენ, როგორც ამერიკისა და საქართველოს მთავრობები, ისე ჯანდაცვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.
რუსული პოლიტიკური წრეების შეშფოთების საპასუხოდ, რომ პენტაგონი თბილისის ლაბორატორიაში საიდუმლო ბიო-იარაღის გამოცდით იქნება დაკავებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ოფიციალურ საიტზე დევს სპეციალური განმარტება, რომ ლაბორატორია არ იქნება გამოყენებული რაიმე სახის ბიო-იაღარის სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად.