შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპიროზე 20 დეკემბერს 6.4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ჰუმბოლტის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაშავდა და 2 დაიღუპა.
მიწისძვრის შედეგად დაზიანებულია სახლები, გზები, წყალგაყვანილობის სისტემები. 80 000-მდე სახლს და ბიზნესს დენის მიწოდება შეუწყდა. პოლიცია იტყობინება, რომ მიწისძვრის შემდეგ, მათთან 70-ზე მეტი საგანგებო დახმარების მოთხოვნის ზარი შემოვიდა. იყო ხანძრის შემთხვევაც, რომლის განეიტრალებაც სწრაფად მოხდა.
მიწისძვრის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღების სისტემამ იმუშავა. პირველ სერიოზულ ბიძგამდე 10 წამით ადრე მიუვიდა ცნობა მობილურ ტელეფონებზე დაახლოებით 3 მილიონ მოსახლეს - ამბობს მარკ გილარდუჩი, შტატის საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელი.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრა შუაღამით, 2:30-ზე მოხდა და მას 80-მდე განმეორებითი მცირე ბიძგი მოჰყვა. ჰუმბოლტის ოლქი ძირითადად მეჩხერადაა დასახლებული და კალიფორნიის შტატში ცნობილია ხე-ტყის მრეწველობით, ზღვის პროდუქტების წარმოებით და რძის ფერმებით.
რეგიონში სეისმური აქტივობა იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა 20 დეკემბერს მომხდარი მიწისძვრა უჩვეულოდ ძლიერი იყო. ყველაზე მეტად დაზარალდა 3 ქალაქი: ფერნდეილი, ფორტუნა და რიო-დელი. გზის სერიოზულად დაზიანების გამო, ფერნდეილში გადაკეტილია ცენტრალური ხიდი მდინარე ილზე. ჰუმბოლტის ოლქში ჯამში 4 გზა გადაკეტეს.
Facebook Forum