ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონს კოვიდ-19 დაუდასტურდა


ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. განცხადება მისმა ოფისმა დღეს გაავრცელა, რასაც როგორც საფრანგეთის მაღალჩინოსნებს, ისე ევროკავშირის ლიდერებს შორის მაკრონის ბოლო დღეების კონტაქტების გარკვევის თაობაზე, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

მაკრონის ინფიცირების თაობაზე განცხადება, საფრანგეთში საკარანტინე ზომების შემსუბუქებას დაემთხვა. პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მაკრონს "პი-სი-არ" ტესტი პირველივე სიმპტომების ფონზე ჩაუტარდა. ის მომდევნო ერთი კვირა თვითიზოლაციაში იქნება და მუშაობას ონლაინ გააგრძელებს. იზოლაციაშია მაკრონის მეუღლე, ბრიჯიტიც. გაუქმებულია ყველა პირისპირ შეხვედრა, მათ შორის, 22 დეკემბერს დაგეგმილი ვიზიტი ლიბანში.

მაკრონი გასულ კვირაში ევროპულ სამიტს ესწრებოდა, სადაც ის ევროკავშირის ლიდერებს პირისპირ შეხვდა. ევროპის ქვეყნები ბიუჯეტს, კლიმატურ ცვლილებებს და თურქეთის საკითხებს განიხილავდნენ. სამიტზე დამსწრეებს თავიდან ნიღბები ეკეთათ, მაგრამ შემდეგ, მოლაპარაკებაზე, ნიღბები მოიხსნეს. თუმცა, ისინი მრგვალ მაგიდასთან ერთმანეთისგან საკმაო დაშორებით ისხდნენ.

ბოლო დღეებში მაკრონმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისის საპატივცემულოდ კერძო მიღება გამართეს, რომელზეც ეგვიპტის ლიდერს საფრანგეთის საპატიო ჯილდო გადასცეს. ამას გარდა, მაკრონი წინა დღეებში საუზმეზე შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ესპანეთის და პორტუგალიის ლიდერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG