ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ლტოლვილები ლიბანში ჩადიან


სირიის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ლიბანის მესაზღვრეები ყოველ დილას საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის ემზადებიან. რამადანის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საზღვარი სირიელების უწყვეტმა ნაკადმა გადაკვეთა, თუმცა მათი უმრავლესობა აცხადებდა, რომ ისინი ლტოლვილები არ იყვნენ და მეზობელ ქვეყნაში ნათესავების მოსანახულებლად ჩადიოდნენ.

მასნაას სასაზღვრო პუნქტზე მისული სირიელები ძირითადად დამასკოს მაცხოვრებლები და პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერები არიან. საზღვარზე გადასულმა ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, რომ მან ორი ადამიანი დამასკოდან მასნააში ჩაიყვანა და მათთან ერთად უკან ორ დღში აპირებდა გამგზავრებას. მისი თქმით სირიაში ვითარება ხელოვნურადაა დაძაბული:

„ასადზე უკეთესი ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. უკეთესი უბრალოდ არავინაა. სირიის მოსახლეობის 85 პროცენტი მისი მომხრეა, ხოლო დანარჩენ 15-ს კი ფულს უხდიან, რომ ასადის წინააღმდეგ იბრძოლოს.“

საზღვარზე ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მოხალისეები მზად იყვნენ ლტოლვილებისთვის დახმარება აღმოეჩინათ, მაგრამ მათ დახმარების მოთხოვნით სულ რამდენიმე ადამიანმა მიმართა.

დახმარების გაწევა ადგილობრივმა მუსლიმურმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამაც სცადა, მაგრამ არც მათთვის მიუმართავთ სირიიდან გადასულ სტუმრებს. ორგანიზაციამ ლტოლვილებისთვის თავშესაფარები ადგილობრივ სკოლებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში უზრუნველყო, თუმცა გამოყოფილი ადგილი არავინ გამოიყენა.

მოხალისეების განცხადებით, ადამიანების ნაკადი, რომელიც დამასკოდან და მისი გარეუბნებიდან ლიბანში გადადის მოსახლეობის შეძლებული ფენაა და მათ თავისუფლად შეუძლიათ ადგილობრივ სასტუმროებში ან საცხოვრებელ ბინებში ოთახების დაქირავება.

ალი აბდულ ხალეკი ორგანიზაცია „მუსლიმები საზღვრებს გარეშეს“ წარმომადგენელია. ის აცხადებს, რომ თუ სირიაში ვითარება არ დარეგულირდა, ლიბანში მალე ათობით ათასი ღარიბი სირიელი ჩავა:

„ლიბანი ვერ მოახერხებს დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიღებას. მხოლოდ დამასკოს მოსახლეობა აღემატება ლიბანის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობას. თუ საერთაშორისო საზოგადოებამ ბეირუთს დახმარება არ აღმოუჩინა, ლიბანი ლტოლვილების მომატებულ რაოდენობას თავს ვერ გაართმევს და მათ თავშესაფრითა და საკვებით ვერ უზრუნველყოფს.“

სირიის კონფლიქტს ლიბანზე არა მხოლოდ ჰუმანიტარულ-სოციალური კუთხით აქვს გავლენა, არამედ ბიზნეს გადმოსახედიდანაც. სასაზღვრო ქალაქებში მდებარე მაღაზიებში ვაჭრობამ დაახლოებით 70 პროცენტით იკლო იმის გამო, რომ სირიიდან ლიბანში ჩასული ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. აჰმედ ალ აჯამის ელექტრო საქონლის მაღაზია აქვს. მისი თქმით:

„აქამდე კარგი ვაჭრობა გვქონდა, მაღაზიაში საქონლის შემოტანას ვერ ავუდიოდი. მას შემდეგ, რაც სირიაში ომი დაიწყო, ვაჭრობა თითქმის ბოლომდე გაჩერდა. უკანასკნელი თვენახევრის მანძილზე თითქმის ვერაფერს ვყიდი.“

სირიაში სამოქალაქო ომის დასასრული ჯერ არ ჩანს. ამ ფონზე ლიბანი ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გაუარესებისთვის ემზადება იმ შემთხვევაში, თუ მის გაცილებით დიდ მეზობელ ქვეყანაში შეიარაღებული დაპირისპირება არ დასრულდა.
XS
SM
MD
LG