ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, თბილისის დროით, 20:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა, თითქმის 2 მილიონი, უფრო ზუსტად კი, დარეგისტრირებული ამომრჩევლების 56,11% იყო.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც ამომრჩევლის აქტივობა იყო 63,8 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა იყო ქვემო ქართლის რეგიონში 51%.
ცესკოში ამბობენ, რომ ცესკოს სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრში 08:00 საათიდან 20:00 საათამდე 3 881 სატელეფონო ზარი და 574 ონლაინ შეტყობინება შევიდა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ამ ზარების უმეტესობა საინფორმაციო საკითხის იყო და მოსახლეობა საარჩევნო სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას, მისამართებს და მსგავს ინფორმაციას კითხულობდა. ასევე, დაფიქსირებულია 289 საჩივარი, რომელიც, როგორც ცესკოში ამბობენ, ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.
ცესკოში ამბობენ, რომ ხმების დათვლა დაწყებულია, თუმცა, ყველა საარჩევნო უბანზე სხვადასხვა რაოდენობის ბიულეტინია განთავსებული და პირველადი მონაცემების დათვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.
Facebook Forum