ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო ამომრჩევლებს ოფიციალური შედეგების მშვიდად მიღებისკენ მოუწოდებს


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, "მშვიდად მიიღონ არჩევნების ოფიციალური შედეგები". საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად მუშაობენ, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”- განახცადა ელჩმა კელი დეგნანმა.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები დღეს ბევრ "მოტივირებულ" ქართველ ამომრჩეველს შეხვდნენ, ასევე - არჩევნებზე მომუშავე "თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს". თავად ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში. აღნიშნული განცხადება საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ელჩი დეგნანი დღეს ვიზიტით ეუთოს (OSCE) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისშიც იმყოფებოდა. ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი (ODIHR) ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციად ითვლება, რომელიც აწესებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

„საქართველომ, როდესაც ის ეუთოს შეუერთდა, პირობა დადო, რომ განამტკიცებდა საარჩევნო სისტემას და დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ეუთო, საქართველოს მიერ მაშინდელი ძალისხმევის ასახვას დღევანდელ არაჩევნებზე” - განაცხადა ელჩმა დეგნანმა ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ოფისში ვიზიტის დროს.

ელჩ კელი დეგნანის თქმით, „ეუთო არა მხოლოდ შეაფასებს რამდენად თავისუფალი და სამართლიანია ეს არჩევნები, არამედ განსაზღვრავს მნიშვნელოვანი არჩევნების რეფორმების გავლენას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ივნისში და მიუთითებს კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მომავალმა მთავრობამ ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას".

ამერიკის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ მოუთმენლად ელის მომავალ პარლამენტთან მუშაობას, რათა გაგრძელდეს "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და საარჩევნო პროცესების განვითარება”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG